weather cur horoscope tv
დეკემბერი 06, 2024

რუკის მოძიება 2019 წლის სექტემბერში ბიძინა ივანიშვილმა მთხოვა – ხიდაშელი

11:01 ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი 2020

ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა, რომელიც ე.წ. კარტოგრაფების საქმეში ფიგურირებს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან განაცხადა, რომ აზერბაიჯანი-საქართველოს რუკის მოძიება 2019 წელს, ბიძინა ივანიშვილმა სთხოვა.

ხიდაშელის თქმით, ბიძინა ივანიშვილი 2017 წელს გაიცნო, როდესც საქართველოში დაბრუნდა და აქ საქმიანობის დაწყებას აპირებდა.

„მაგის მერე მასთან ხშირი კავშირი არ მქონია. 2019 წლის სექტემბერში დამირეკა და ჩემთვის შოკისმომგვრელი ინფორმაცია მომაწოდა. მომიყვა, რომ პრობლემები შეიქმნა დავით გარეჯის მონასტერთან და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებით. მთხოვა დახმარება, რომ მომეძიებინა რაღაც რუკა. რომ ჩავეძიე და ვკითხე - რა გინდა, რაში გჭირდება ჩემი დახმარება? მითხრა, დაურეკე ირაკლი ღარიბაშვილს, თავდაცვის სამინისტრომ იცის ეს დეტალებიო.

პირველი შოკი მაშინ მივიღე, ვინაიდან ძალიან გამიკვირდა: ვიცი ვინ არის ბიძინა, რა საშუალებები აქვს, რა თანხები აქვს და ლაპარაკში ეუბნება შვეიცარიაში მცხოვრებ ვიღაც ქართველს „დამეხმარე“. ასეთი ფულის პატრონი კაცი რომ მე მომთხოვს რუკის შოვნას, ესე იგი, წარმოვიდგინე, რომ ცუდად არის საქმე. ფულით ეს საქმე ვერ გადაწყდებოდა“, – განაცხადა დავით ხიდაშელმა.

მისი თქმით, ამის შემდეგ თავდაცვის მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ტელეფონით დაუკავშირდა.

„მან მომცა თავდაცვის სამინისტროს კარტოგრაფიული სამსახურის ტელეფონის ნომერი: ისინი შეგხვდებიან და დეტალურად მოგიყვებიან რას ვეძებთ და რა გვაინტერესებსო. ვინაიდან საქართველოში არ ვიმყოფბოდი, ვთხოვე ჩემს ამხანაგს, ბეჟან მაისურაძეს - თუ შეიძლება-მეთქი, ღარიბაშვილი თუ გახსოვს, ჩვენი სოფლის გვერდით ცხოვრობდა ისიც, თავდაცვის სამინისტროში მიხვიდე და გაიგო ზუსტად რა უნდათ, გამოართვა საბუთები, ვინაიდან ტელეფონში არ მეუბნებიან, ზუსტად რა უნდათ. ბეჟან მაისურაძე შეხვდა კარტოგრაფიის სამსახურს, გადმოსცეს რამდენიმე საბუთი და რუკა, რომლებიც გამომიგზავნა“, – განაცხადა ხიდაშელმა.

ბიზნესმენის თქმით, მისთვის ცნობილი არ იყო, რომ ბეჟან მაისურაძემ იგორ გიორგაძესთან ერთად დააფუძნა ფონდი „თანამემამულე“: „პირველად გავიგე მაგის შესახებ და მგონი, თვითონაც არ ახსოვდა. მაგრამ აბსოლუტურად არ მაინტერესებს, გინდა გიორგაძესთან ჰქონდეს კავშირი“. 

დავით ხიდაშელის განცხადებით, მან ქართულ მხარეს საქართველოში, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში მოძიებული საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებული 50-მდე დოკუმენტი გადასცა. მათ შორის, არის „როსრეესტრში“ მოძიებული რუკაც, სადაც საზღვარი გადის მთის ძირში.

„ვთხოვე „როსრეესტრის“ ერთ-ერთ ორგანიზაციას, თუ შეგიძლიათ დამიდგინოთ საბჭოთა კავშირის დაშლის დროს გამოშვებული ბოლო რუკები (აღმოჩნდა, რომ ბოლო რუკები 1978 წელს იყო გამოშვებული) და თუ შეიძლება აიღეთ ეს რუკები საქართველოს და აზერბაიჯანის საზღვართან, ეს რუკები რაც მოვიპოვე ახლა, დაადეთ ერთმანეთს და გამიკეთეთ ანალიზი, რა განსხვავებას იძლევა-მეთქი. ამ ორგანიზაციამ აიღო 2020 წლის სატელიტური სურათები, დაიტანა ხაზები. 160 მილიონი კვადრატული მეტრი განსხვავებაა ამ ორ რუკას შორის - 1938 წელს გამოშვებული და დამტკიცებული რუკები ჩვენი საზღვრისა და იმას შორის, რითიც 1991 წელში შეუთანხმებლად სარგებლობენ აზერბაიჯანელებიც და ქართველებიც. 2006 წელს შეთანხმებულმა და რაც მოხვდა აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიაზე - განსხვავება მოგვცა დაახლოებით 80 მილიონი კვადრატურლი მეტრი. ეს საბუთები ავიღე, მიაბეს ორიგინალური რუკები დამამტკიცებელ საბუთად ამ ანალიტიკურ საბუთზე, ჩამოვიტანე და გადავეცი თავდაცვის სამინისტროს. ვთხოვე გაეკეთებინათ 12 ასლი, ვინაიდან ამ საბუთების ქექვაში დავადგინეთ, რომ საქართველოში რუკები რაღაცნაირად, ვირტუალურად ქრება და ვერ პოულობენ“, – ამბობს ხიდაშელი.

მისი თქმით, რუკის ერთი ეგზემპლარი ბიძინა ივანიშვილსაც გადასცა: „ბატონ ბიძინას ვუთხარი - აგერ ბატონო, რომ მთხოვეთ, ყველაფერი გიპოვე, ამოვქექე და გადმოგცემთ ამ თქვენს რუკას და თქვენ თვითონ გაარკვიეთ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საკითხი.“

„ვინაიდან თავდაცვის სამინისტროს ეჭვი შეეპარა და შეხედეს, რომ დიდი განსხვავებებია, ამ საქმის ასე შენახვა არ შეიძლებოდა და გადასცა პროკურატურას, რათა გაერკვია თუ რამე დანაშაული იყო. მე ვთქვი, რომ ეს ჩემი საქმე არ არის, მე გადმოგეცით, მე გამათავისუფლეთ. მითხრეს, რომ მობრძანდი პროკურატურაში და დაწერე ახსნა-განმარტება, როგორ ჩამოიტანე და რა ჩამოიტანეო. მივეცი ჩვენება პროკურატურას და ყველაფერი დეტალურად აღვწერე, რაც ახლა მოგიყევით“, – განაცხადა დავით ხიდაშელმა.

ბიზნესმენმა აბსოლუტური აბსურდი უწოდა ვერსიას რუსეთის სპეცსამსახურებთან მისი კავშირის შესახებ.

29 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიება მიმდინარეობს. პროკურატურის განცხადებით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, წლების მანძილზე სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოს საზიანო გადაწყვეტილებების მიღება.

7 ოქტომბერს, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრები – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს.

პროკურატურის მტკიცებით, 2007 წლის ჩათვლით პერიოდში, შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს, სხვაობა საქართველოს საზიანოდ 3500-მდე ჰექტარ ფართობს შეადგენს. პროკურატურა აცხადებს, რომ მელაშვილსა და ილიჩოვას მთელი საქმიანობის პერიოდში გააჩნდათ 1937-1938 წლების რუკის დედანი, თუმცა კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა არ მოეხდინათ მისი გამოყენება საზღვრების დელიმიტაციის პროცესში. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მელაშვილი და ილიჩოვა ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც „არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში“.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მათ ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]