„აჭარაში, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ვირუსის გავრცელების მეტ-ნაკლები სტაბილიზაცია მოხდა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 19 ოქტომბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გაიხსნება.
აჭარაში სასწავლო პროცესზე შეზღუდვები დარჩება, ისევე როგორც გაგრძელდება რესტორნებისა და გასართობი დაწესებულებებისთვის დაწესებული შეზღუდვები“, – განაცხადა გახარიამ დღევანდელ ბრიფინგზე.
ამასთან, გიორგი გახარიას თქმით, ძალაში რჩება გადაწყვეტილება უმღლეს სასწავლებლებში, აუდიტორიებში სწავლის 19 ოქტომბრიდან გაგრძელების თაობაზე.
„უმაღლეს სასწავლებლებს ექნებათ რეკომენდაცია, რომ იქ, სადაც შესაძლებელია, იყოს დისტანციური სწავლება, მაგრამ იქ, სადაც ეს შესაძლებელი არაა, ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები აუდიტორიებში ჩაატარონ.
ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, როცა ჩვენ ვამბობთ ადაპტაციას და ვირუსის მართვას, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მოქალაქეების საბაზისო მოთხოვნილებები არ უნდა შეიზღუდოს. ისეთი როგორიცაა სკოლა, საბავშვო ბაღი და უმაღლესი განათლება. ამიტომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს მიმართულებები, განსაკუთრებით, განათლების მიმართულება, მაქსიმალურად იქნას დაცული“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 366 თბილისშია დადასტურებული, 286 – აჭარაში, 104 – იმერეთში, 57 – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 44 – ქვემო ქართლში, 21 – შიდა ქართლში, 11 – მცხეთა-მთიანეთში, 13 – კახეთში, 13 – გურიაში, 3 – სამცხე-ჯავახეთში, 1 – რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.