weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ბათუმში რაც მოხდა არის ინდიკატორი იმისა, რომ მოსახლეობა არაფერს შეუშინდება – უდუმაშვილი

17:10 შაბათი, 17 ოქტომბერი 2020

„ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო ხალხის ის რაოდენობა, რომელიც ბათუმში გამოვიდა. ვიყავით მზად გარკვეული რაოდენობისთვის, პირბადებიიც გვქონდა, მაგრამ იმდენი ხალხი მოვიდა, რომ ფიზიკურად რთული იყო ამ ყველაფერის მართვა“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა ბათუმში, პანდემიის პირობებში გამართულ ხალხმრავალ საარჩევნო შეხვედრასთან დაკავშირებით.

ზაალ უდუმაშვილის თქმით, „ფართომასშტაბიანი შეკრებები წინასაარჩევნო კამპანიის აუცილებელი კომპონენტია, მით უმეტეს იმ დროს როდესაც „ქართული ოცნება“ მაქსიმალურად ცდილობს ნიჰილიზმი დათესოს და ხალხი სახლში გამოკეტოს“.

„ბათუმში რაც მოხდა, არის ზუსტი ინდიკატორი იმისა, რომ დღეს ჩვენი მოსახლეობა მზად არის ცვლილებებისთვის და არაფერს შეუშინდება, იმიტომ, რომ კორონაზე უფრო საშიში ვირუსი არის დღეს ქვეყანაში და ეს არის „ქართული ოცნება“, რომელიც უკვე რვა წელია ღრღნის ჩვენს საზოგადოებას.

31 ოქტომბერს ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ჩვენი ამომრჩეველი მაქსიმალურად მობილიზებული იყოს ყველა წესის დაცვით. ყველა რეგულაციის დაცვით უნდა მივიდეთ საარჩევნო უბანთან და ჩვენი არჩევანი გავაკეთოთ, იმიტომ, რომ ჩვენ თუ კორონას შიშით ჩავიკეტებით სახლში და ვერ გავალთ გარეთ, ეს ნიშნავს, რომ კიდევ მრავალი წელი უნდა ვუყუროთ ბიძინა ივანიშვილს, როგორ ღუპავს ამ ქვეყანას.

ახლა მოცდის დრო აღარ არის და რაც არ უნდა გვაკრიტიკოს დღეს „ქართულმა ოცნებამ“ შეხვედრებიც გაგრძელდება და მოსახლეობაც დაანახებს თავის ძალას ბიძინა ივანიშვილს.

რა თქმა უნდა, ბათუმმა გაკვეთილი მოგვცა და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ შემდეგი აქციები იყოს ბევრად უფრო ორგანიზებული“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

16 ოქტომბერს, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ - გაერთიანებულმა ოპოზიციამ“ ბათუმში ხალხმრავალი წინასაარჩევნო აქცია გამართა. ათასობით მხარდამჭერს უკრაინიდან მიმართა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც თქვა, რომ ბათუმში კორონავირუსი ხელოვნურად გაავრცელეს.

„ქართულმა ოცნებამ“ აქცია შეაფასა, როგორც „შეგნებული მავნებლობა, რომლის მიზანია ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მიზანმიმართული ხელშეწყობა და ბათუმიდან სხვა რეგიონებში გადატანა“.

აქციას გამოეხმაურა სახალხო დამცველიც:

„იმ ვითარებაში, როდესაც გავრცელების კრიტიკულ მასშტაბს მიღწეულ რეგიონში (მაგალითად, ბათუმში) შესაძლებელია უპირბადოდ, დისტანციის დაუცველად შეიკრიბოს ათასობით ადამიანი, მიმაჩნია, რომ, პირველი - ორგანიზატორების მხრიდან ეს არის უკიდურესი უპასუხისმგებლობის გამოვლინება და საზოგადოების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხის ქვეშ დაყენება; მეორე - საარჩევნო პერიოდში მოქმედი რეგულაციები ვერ უზრუნველყოფენ ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლების დაცვას“, – დაწერა ნინო ლომჯარიამ სოციალურ ქსელში.

დღეს აჭარის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 226 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 131 პირი გამოჯანმრთელდა, სამი ინფიცირებული გარდაიცვალა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ დროისთვის რეგიონში 2700-ზე მეტი ინფიცირებულია, კლინიკებში მკურნალობას გადის 590 პაციენტი, მათ შორის რეანიმაციაში მოთავსებულია 53 პაციენტი. თავისუფალი საწოლების რაოდენობა არის 29.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 10 სექტემბრიდან მოქმედებს რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, იუბილეები, ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები იკრძალება. ასევე აკრძალულია 200-ზე მეტი ადამიანის შეკრება სპორტული თუ კულტურული ღონისძიებებისთვის ღია ცის ქვეშ. მთავრობის გადაწყვეტილებით, შეზღუდვები არ ვრცელდება საარჩევნო აგიტაციასა და კამპანიაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]