weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ოცნების“ კანდიდატი სამველ მანუკიანი აცხადებს, რომ თავს დაესხნენ და ცხვირი გაუტეხეს

11:25 სამშაბათი, 27 ოქტომბერი 2020

„ქართული ოცნებიდან“ ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამველ მანუკიანი აცხადებს, რომ სოფელ დიდ სამსარში წინასაარჩევნო შეხვედრის შემდეგ თავს დაესხნენ და ცხვირი გაუტეხეს.

ინციდენტი 25 ოქტომბერს მოხდა. ადგილობრივი ონლაინგამოცემა Jnews-ის ინფორმაციით, მაჟორიტარობის კანდიდატი პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს ახალქალაქის მკვიდრს, აიკ რსტაკიანს და ამბობს, რომ რსტაკიანი დამოუკიდებელი კანდიდატისთვის, ენზელ მკოიანისთვის ხმების მოგროვებაზე მუშაობს.

Jnews-ის ინფორმაციით, რსტკიანი მაჟორიტართან შეხვედრაზე მივიდა, რომელიც კლუბის შენობაში იმართებოდა და ჰკითხა, რას გააკეთებდა ის სოფლისთვის.

„როდესაც კლუბის შენობიდან გამოვედით, რსტაკიანი ისევ მოვიდა და ყვირილი დაიწყო. ჩვენ პროვოკაციაში არ ვყვებოდით.

მან თქვა, ენზელ მკოიანს შეუძლია გაზის გაყვანა, თქვენ რა შეგიძლიათო. ჩვენ, ვიცოდით რა, ვისთან გვქონდა საქმე, უბრალოდ ვუთხარით, რომ მკოიანს შეეძლო გაზი 20 წლის მანძილზე გაეყვანა.

იმ მომენტში მან, როგორც ჩანს, გაიგო, რომ ვერ შეძლებდა ჩვენს პროვოცირებას და ცხვირში დამარტყა. ამის შემდეგ, როდესაც გამოვედით, ქვა დაარტყა ავტომობილს“, – განაცხადა სამველ მანუკიანმა.

Jnews-ის ინფორმაციით, სამველ მანუკიანს საავადმყოფოში მოუწია მისვლა, რადგან ცხვირი აქვს გატეხილი.

„ქართული ოცნებიდან“ ახალქალაქი-ნინოწმინდის მოქმედი მაჟორიტარი ენზელ მკოიანი, რომელიც საპარალამენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს, ამბობს, რომ ინციდენტთან კავშირი არ აქვს.

„მმართველ პარტიას შეუძლია თქვას ყველაფერი, რაც მოუნდება. ამ ინციდენტთან არანაირი კავშირი არ მაქვს. ამ ადამიანებს შეუძლიათ თქვან, რომ თუ ვინმეს მოკლავენ სირიაში, მე ვარ დამნაშავე. შეუძლით თქვან, რომ ახალქალაქშიც მე შემოვიტანე კორონავირუსი“, – უთხრა Jnews-ს მკოიანმა.

გამოცემა „სამხრეთის კარიბჭესთან“ მმართველი პარტიის კანდიდატთან ფიზიკური დაპირისპირება უარყვეს რსტაკიანებმა. მათი თქმით, დიდ სამსარში ადგილი ჰქონდა მხოლოდ სიტყვიერ დაპირისპირებას.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 187-ე მუხლებით, რაც გულისხმობს ძალადობას და სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას.

ენზელ მკოიანი 1999 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრია. 2016 წელს ის ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარ დეპუტატად „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. მანამდე, 2008 წლიდან 2016 წლამდე მკოიანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნინოწმინდის მაჟორიტარი იყო. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართულმა ოცნებამ“ ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატად ენზელ მკოიანის ნაცვლად სამველ მანუკიანი წარადგინა.

რაც შეეხება სამველ მანუკიანს, ის პარლამენტში 2016 წელს, „ქართული ოცნების“ პარტიული სიით შევიდა.

 

ამ თემაზე:

„მარადიული“ დეპუტატები და პოლიციის ყოფილი უფროსი - ჯავახეთის მაჟორიტარობის კანდიდატები

Jnews.ge

სამცხე–ჯავახეთში, ახალქალაქში ბაზირებული საინფორმაციო პორტალი, რომელსაც ააიპ „ღია საზღვრები“ მართავს. გამოცემა ავრცელებს ახალ ამბებს რუსულ და სომხურ ენებზე.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]