weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„კობახიძემ საჯაროდ აღიარა რომ მისმენენ“ – TV პირველის ჟურნალისტი

14:31 ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი 2020

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და პარტიული სიის მესამე ნომერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აქვთ ინფორმაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბესიკ ქათამაძისა და ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტის, ნატო გოგელიას საუბრის შესახებ. კობახიძის თქმით, გოგელია ქათამაძეს ეკითხებოდა, „სად სჭირდებოდა მხარდაჭერა არეულობის პროცესში“.

კობახიძემ ეს განცხადება დღევანდელ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, ჟურნალისტისა და პოლიტიკოსის საუბრის შესახებ ინფორმაციამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ „გამოჟონა“.

„ჩვენ გვაქვს ეს ინფორმაცია, რომ თქვენი ტელევიზიის წარმომაგდენელი „ნაცმოძრაობის“ პარტიულ ლიდერს ადგილზე - ქათამაძეს (ოზურგეთის პარტიული ორგანიზაციის, თუ შტაბის ხელმძღვანელია, ზუსტად არ ვიცი) ეკითხებოდა ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ სად სჭირდებოდა მხარდაჭერა არეულობის პროცესში.

ისეთ ადგილზე ესაუბრებოდნენ ერთმანეთს, სადაც „ნაცმოძრაობის“ სხვა წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ და ჩვენ გვაქვს გამოჟონილი ინფორმაცია. „ნაცმოძრაობის“ შიგნით დაწყებულია რღვევა და ასეთ დროს მარტივად ჟონავს ინფორმაცია. ეს ადასტურებს იმას, რომ არჩევნების დღეს „ნაცმოძრაობა“ თავისი განშტოებებით და პარტიული ტელევიზიებით სინქრონულად შეეცდებიან პროვოკაციების მოწყობას და შემდეგ ამ პროვოკაციების გაშუქების გზით ყალბი სურათის შექმნას.

ნატო გოგელიამ ჰკითხა ქათამაძეს - სად იგეგმებოდა არეულობა. როდესაც ამას ეკითხები პოლიტიკოსს, ამ დროს თავად ხარ არეულობის თანამონაწილე. ეკითხება ე.წ. ჟურნალისტი პარტიულ წარმომადგენელს, თუ სად იგეგმება არეულობა, წინასწარ იღებს ინფორმაციას არეულობასთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს გაშუქების გზით“, – განაცხადა კობახიძემ.

ნატო გოგელია ადასტურებს, რომ გუშინ მასსა და ბესიკ ქათამაძეს შორის სატელეფონი საუბარი ნამდვილად შედგა, თუმცა არა იმ ფორმულირებით, როგორც ირაკლი კობახიძემ თქვა. ჟურნალისტის განცხადებით, სატელეფონო საუბრის დროს არავის უთქვამს, რომ ვინმე არეულობას გეგმავდა.

„მე ვკითხე, სად იყო დაძაბული სიტუაცია და მან დეტალურად მოყვა, რომ ერთ-ერთი დაძაბული უბანი იქნება ნასაკირალი. ხელისუფლებას ეს უბანი იმიტომ ადგას კისერზე, რომ ბოლო წლების განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ ვერა და ვერ მოახერხა მოეგო. ჭანიეთსა და ნასაკირალში ბოლო არჩევნებს პირწმინდად იგებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ამიტომ ეს უბნები მათთვის განსაკუთრებულია. ბესო ქათამაძე ამ სატელეფონო საუბარში დეტალურად ყვება (რაც რატომღაც გამოტოვა კობახიძემ), რომ წინა დღეს მათ შეხვედრაზე მივიდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და იქ იყო დაძაბულობა, ხმაური“, – განაცხადა ნატო გოგელიამ.

ჟურნალისტის თქმით, ტელეკომპანია „პირველი“ ხელისუფლებას აღიზიანებს, რადგან ყოველ დღე უამრავ საარჩევნო დარღვევას აშუქებს.

„არ ვაპირებთ გაჩერებას. 21 წელია ჟურნალისტიკაში ვარ და ირაკლი კობახიძის ეს განცხადება ვერ შემაშინებს. ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო კობახიძის მხრიდან საჯაროდ აღიარება - ზუსტად ვიცოდი, რომ მისმენდნენ, თუმცა ასეთი აღიარება პირველი იყო.

მადლობა ირაკლი კობახიძეს ამისთვის. მან გამოაჩინა, სინამშვილეში რას წარმოადგენს „ქართული ოცნება“, – აღნიშნა გოგელიამ.

ბესიკ ქათამაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ დაბა ნასაკირალის მაჟორიტარი დეპუტატია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]