კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში არჩევნებს აქტიურად დააკვირდება.
„არჩევნების დღეს, ვკისრულობთ უპრეცედენტო როლს განვახორციელოთ არჩევნების წარმართვაზე აქტიური მონიტორინგი: ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და ევროპელ პარტნიორებთან ერთად, შევკრებთ 70-ზე მეტ გუნდს, რომლებიც ეწვევა 1000-ზე მეტ საარჩევნო უბანს ქვეყნის მასშტაბით.
ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ ეუთო/ოდირის მისიის ძალისხმევას. ჩვენ ასევე ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებთანაც მჭიდროდ ვითანამშრომლებთ.
ეს არის ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერის დემონსტრირება ქართული დემოკრატიის მიმართ და ჩვენი მზადყოფნა, რომ უფრო მეტად გავამყაროთ ნდობა ამ არჩევნების მიმართ დამატებითი საერთაშორისო „თვალისა და ყურის“ საშუალებით.
ჩვენთვის და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებისათვის მთავარია არა ის, თუ ვინ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, არამედ ის, თუ როგორ იქნება მოპოვებული ეს გამარჯვება. ანუ ის, თუ როგორ ჩატარდება ეს არჩევნები და ამაზე პასუხისმგებლობა ყველა პოლიტიკურმა მოთამაშემ უნდა აიღოს“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
ევროპელ დიპლომატთა გუნდი, რომელიც არჩევნებს დააკვირდება, შედგება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების თანამშრომლებისგან, მათ შორისაა ავსტრია, ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, პოლონეთი, სლოვაკეთი და შვედეთი, ასევე ნორვეგიისა და შვეიცარიის საელჩოები.
ხვალ, 31 ოქტომბერს, პარლამენტის არჩევნების გარდა, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც გაიმართება. ამავე დღეს არის დანიშნული ხუთი მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე და ოთხი მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საქართველოში 3 511 853 ამომრჩეველია რეგისტრირებული.