დოკუმენტს ხელი თბილისში, „ლეიბორიტული პარტიის“ ოფისში მოეწერა.
„თითქმის პროპორციული სისტემის პირობებში ვერცერთი პარტია ვერ შეძლებს მარტო მთავრობის ფორმირებას, ამიტომ პარტიები კოალიციური მთავრობის შექმნაზე უნდა შეთანხმდნენ. არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, გვსურს, ამომრჩევლებს მკაფიო მესიჯი გავუგზავნოთ, რომ ჩვენ, ხელმომწერი პარტიები, ოპოზიციური სპექტრი არ გავაკეთებთ ისე, რომ „ქართული ოცნება“ დარჩეს ხელისუფლებაში - ესე იგი მასთან არ ვითანამშრომლებთ და არ შევუქმნით პირობებს, რომ მოხდეს მთავრობის ფორმირება, სადაც „ქართული ოცნება“ იქნება წამყვანი პარტია“, – განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ.
„თუ მოვახდენთ ილიას უკვდავი სტრიქონის ინტერპრეტაციას - მოხდა ის, რასაც ჩუმის ნატვრითა ნატრულობდა ყველა ქართველი დღევანდელ ისტორიულ ეტაპზე, როცა ჩვენ წინ, 31-ში გველოდება დიდი დიდგორი, სადაც აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. ქართულმა ოპოზიციურმა სპექტრმა კიდევ ერთხელ, ისტორიული, გრანდიოზული ნაბიჯი გადადგა ერთიანობისაკენ, გამარჯვებისაკენ, მომავალი კოალიციური მთავრობის შემნისკენ, რომელიც იზრუნებს ხალხზე და არა თავის ჯიბეზე.
დღეს ხელს ვაწერთ დეკლარაციას და ვიღებთ ვალდებულებას, რომ არცერთი ოპოზიციური პარტია არ შეუქმნის სამთავრობო კოალიციას, ბლოკს და თანამშრომლობის სხვა ფორმატს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც პრაქტიკულად დასასრულამდე მიიყვანა ქვეყნის სოციალური-ეკონომიკური მდგომარეიბა“, – თქვა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.
„ერთიანინაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, რამდენიმე ოპოზიციური პარტია დღევანდელ შეხვედრას არ ესწრებოდა, თუმცა ისინი იზიარებენ ხელმოწერილი დოკუმენტის სულისკვეთებას.
„ოპოზიცია დარწმუნებულია დამაჯერებელ გამარჯვებაში, რაც გახდება ნორმალური მთავრობის ფორმირების შესაძლებლობა“, – აღნიშნა ბოკუჩავამ.
„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის, სერგი კაპანაძის განცხადებით, მისმა პარტიამ აიღო კიდევ ერთი ვალდებულება – არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მხარი არ დაუჭიროს მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე.
ხვალ, 31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნები პროპორციულთან მიახლოვებული საარჩევნო სისტემით ჩატარდება – არჩეული პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 120 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 30 პარლამენტის წევრისაგან. პარტიებისთვის დაწესებულია 1%-იანი ბარიერი, ხოლო ბლოკებისთვის ბარიერი განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რამდენი პარტია შევა ბლოკში. თუ არჩევნებში პოლიტიკური პარტია ვერ მიიღებს 40%-ზე მეტ მხარდაჭერას, ის ვერ მოიპოვებს პარლამენტში უმრავლესობას და ვერ მოახდენს დამოუკიდებლად მთავრობის ფორმირებას.