weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დღეს საქართველოში პარლამენტის არჩევნები ტარდება

08:37 შაბათი, 31 ოქტომბერი 2020

დღეს, 31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნები ტარდება. საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა და კენჭისყრა საღამოს 8 საათამდე გაგრძელდება. ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება აირჩიოს პარლამენტის 150 წევრი - 120 პროპორციული, ხოლო 30 - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.

არჩევნებში 50 საარჩევნო სუბიექტი (48 პარტია და 2 ბლოკი) და 30 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ამ სუბიექტებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატები მონაწილეობენ.

დღესვე, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად ტარდება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. რამდენიმე საარჩევნო ოლქში, ასევე ტარდება საკრებულოს შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნები.

საკრებულოების შუალედური არჩევნები ქალაქ თბილისის, თელავის, თეთრიწყაროსა და ონის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, ჯამში 39 საარჩევნო უბანზე გაიმართება; მერების რიგგარეშე არჩევნები კი კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში, ჯამში 254 საარჩევნო უბანზე.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნების ჩასატარებლად გახსნილია 3657 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბანი და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 127 სპეციალური უბანი, ასევე 52 (მათ შორის 2 ავღანეთში) საარჩევნო უბანი საზღვარგარეთ (38 ქვეყანა).

ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 526 023 ამომრჩეველია, მათ შორის საზღვარგარეთ რეგისტრირებული 14 170.

არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 80 819 წარმომადგენელი, 132 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 46981 და 5 საარჩევნო ადმინისტრაციის, 20 საელჩოსა და 23 საერთაშორისო ორგანიზაციის 910 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 118 მედიაორგანიზაციის 5 971 წარმომადგენელი.

კოვიდ-პანდემიის გამო საარჩევნო უბანზე მისვლისას აუცილებელია პირბადის მოხმარება. ცესკოს ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანზე მცირემხედველი ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი იქნება გამადიდებელი ლინზები, ხოლო უსინათლო ამომრჩევლებისთვის ბიულეტენის შესავსები ჩარჩო/ფორმა. ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებისთვის ადაპტირებულია 1134 საარჩევნო უბანი, რომლებიც აღჭურვილია სპეციალური ხმის მიცემის კაბინებით. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, ეტლით მოსარგებლე პირებს წელს პირველად მიეცათ საშუალება არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ/მისაწვდომ საარჩევნო უბანზე.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს აგიტაცია იკრძალება კენჭისყრის შენობაში. ხმის მიცემა ფარულია და არავის აქვს უფლება აკონტროლოს ან გაამჟღავნოს ვინმეს არჩევანი.

საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიკეტება, რის შემდეგაც დაიწყება ხმის დათვლის პროცედურები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]