კელი დეგნანმა საარჩევნო ადმინისტრაციას გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მთავარია მშვიდი ატმოსფერო და თავისუფალი არჩევანი. ელჩმა ამომრჩეველს ქართულ ენაზე არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა.
„მსურს აღვნიშნო, რომ ძალადობის და დაშინების ადგილი ამ არჩევნებზე არ არის. რა თქმა უნდა, ასეთ შეთხვევებს ყურადღებით დავაკვირდებით. გთხოვთ, ატაროთ ნიღბები, დაიცვათ სოციალური დისტანცია და ყველას გთხოვთ, მიხვიდეთ არჩევნებზე და მისცეთ ხმა”, — განაცხადა დეგნანმა.
დღეს საქართველოში პარლამენტის არჩევნები ტარდება. საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა დილის 8 საათზე დაიწყო და საღამოს 8 საათზე დასრულდება. ამომრჩეველი მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევს – საკანონმდებლო ორგანოს 150 წევრიდან 120 არჩეული იქნება პროპორციული, ხოლო 30 მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.
ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 526 023 ამომრჩეველია, მათ შორის საზღვარგარეთ რეგისტრირებული 14 170.