weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით უფრო მეტი დარღვევა შეინიშნება - TI

13:02 შაბათი, 31 ოქტომბერი 2020

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დირექტორის ეკა გიგაურის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ძირითად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუმცა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, შეინიშნება დარღვევის უფრო დიდი რაოდენობა.

გიგაურის თქმით, მათი დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა 100-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა, დაწერეს 15 საჩივარი. მნიშვნელოვანი დარღვევებიდან აღსანიშნავია შემდეგი ფაქტები:

გურჯაანის N 09.12.15 უბნიდან გააძევეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დამკვირვებელი მას შემდეგ, რაც მან დააფიქსირა, რომ ერთ-ერთი პირი ამომრჩეველს მიჰყვებოდა საარჩევნო კაბინაში. გარდა ამისა, გურჯაანის  N 09.12.01 და ფოთის  N 26.70.17 უბნებიდან სცადეს დამკვირვებლების გაძევება, თუმცა შემდეგ შეცვალეს გადაწყვეტილება.

ადგილი ჰქონდა კენჭისყრის ფარულობის დარღვევის შემთხვევებს. კერძოდ, გორის N 15.32.03, ახალციხის N 17.37.04 უბნებზე საარჩევნო კაბინიდან გამოსული ამომრჩეველი ბიულეტენს აჩვენებდა იქვე მდგომ პირებს.

აღსანიშნავია ახალციხის შემთხვევა, სადაც საარჩევნო ყუთის მეთვალყურე ყველა ამომრჩეველს სთხოვდა ეჩვენებინა ბიულეტენები, რითაც ხშირად ირღვეოდა კენჭისყრის ფარულობა.

რამდენიმე უბანზე სტაციონარული ვიდეო კამერები ძალიან ახლოს იდგა საარჩევნო კაბინებთან, რითაც ამომრჩევლის ნების კონტროლის საფრთხე იქმნებოდა. ასეთი უბნებია, დუშეთის N 11.28.37, გორის  N15.32.28

ახალციხის N 12.21.14, მარნეულის N 13.22.85, დმანისის N 14.24.46, ვაკის N 02.02.31  უბნებზე კომისიის წევრების ფუნქციების გასანაწილებლად საჭირო წილისყრა საერთოდ არ ჩატარდა, ან ჩატარდა, მაგრამ წესების დარღვევით.

ტენდენციის სახე ჰქონდა მედია ორგანიზაცია „ნიუპოსტის” წარმომადგენლების მიერ საარჩევნო უბნის შიგნით ყველა ამომრჩევლისთვის ფოტოს გადაღებას და სპეციალური პროგრამის მეშვეობით მათ გაგზავნას.

ნაძალადევის N 06.07.07, ქუთაისის N 23.59.122 და ბათუმის N 28.79.14 და წყალტუბოს N 22.58.30 უბნები დაგვიანებით გაიხსნა.

დილას გარდაბნის N 12.21.14 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდნენ პირები სამკერდე ნიშნის გარეშე, რომლებიც აგრესიულობით გამოირჩეოდნენ და შუბლის გახვრეტით დაემუქრნენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დამკვირვებელს, რაზეც კომისიის თავმჯდომარე არ რეაგირებდა.

პოლიციამ დაიწყო ამ საკითხის შესწავლა.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით ტენდენციის სახე ჰქონდა „კოვიდინფექციის“ გავრცელების საწინააღმდეგოდ მიღებული ნორმების დარღვევას. ბევრ უბანზე კომისიის წევრებს არ ეკეთათ დამცავი ფარი, ხშირ შემთხვევაში ვერ ხდებოდა დისტანციის დაცვა, ირღვეოდა პირბადის ტარების წესები“, - აღნიშნავს ეკა გიგაური.

მისივე ინფორმაციით, დუშეთის N 11.28.01 და ახმეტის N 10.18.04 უბნებზე ადგილი ჰქონდა მარკირების გარეშე ხმის მიცემას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]