„ეს არის ისტორიული დღე იმ პირობებში, როცა მე არ მომეცა საშუალება ქვეყანაში ჩამოსვლის, კამპანიის წარმოების. ამ პირობებშიც კი საქართველოს ოპოზიციურმა სპექტრმა მოიპოვა დამაჯერებელი უპირატესობით გამარჯვება ე.წ. „ქართულ ოცნებაზე“, მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ქვეყანაში ჩემი არყოფნის პირობებშიც კი აიღო მინიმუმ 33%-ი, ჩემი აზრით, ბევრად მეტი, რადგან მაჟორიტარებში ჩვენ მოგებული გვაქვს ყველა დიდი ქალაქი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიგო თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი. ამ პირობებში, ეს არის პრაქტიკულად ძალიან დიდი ტრიუმფი ქართული ოპოზიციის, მიუხედავად შევიწროებისა, დაშინებებისა, ზეწოლისა. ამ პირობებში, ჩვენი მთავარი ამოცანაა, ჩამოვაყალიბოთ ეროვნული ერთიანობის მთავრობა. მე, მიხეილ სააკაშვილი, ვაცხადებ , რომ არ მივისწრაფი არცერთი თანამდებობისკენ ამ მთავრობაში, საერთოდ არ მაინტერესებს ჩემი არცერთი თანამდებობა, ჩვენ უნდა ვიპოვოთ კონსენსუსური ფიგურები და უნდა ვიპოვოთ ეროვნული ერთიანობის მთავრობის ჩამოყალიბება“, - აღნიშნა საქართველოს ყოფილა პრეზიდენტმა, რომელიც მსჯავრდებულია სანდრო გირგვლიანის საქმეზე, ასევე, პარლამენტის წევრის, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე და ბრალდებულია რამდენიმე საქმეზე.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ თქვა, რომ მას შემდეგ, რაც ახალი პარლამენტი შეიკრიბება, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ დევნილად იქნება აღიარებული და მას ყველა ბრალდება მოეხსნება.
„მთავარი არხის“ დაკვეთით, საერთაშორისო კომპანია IPSOS-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნების შედეგები ასე განაწილდა: ქართული ოცნება – 41%; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია – 33%; ევროპული საქართველო – 5%; ლელო – 4%; სტრატეგია აღმაშენებელი – 3%; გირჩი – 3%; პატრიოტთა ალიანსი – 2%; ლეიბორისტული პარტია – 2%; ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო – 1%; ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები – 1%.
„იმედის“ დაკვეთით, „Public Opinion Strategy“-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით კი, „ქართულ ოცნებას – 55 % აქვს; ერთიან ნაციონალურ მოძრაობას – ძალა ერთობაშია – 23 %; ევროპულ საქართველოს – 3%; გირჩს – 3%; ლელოს – 3%; პატრიოტთა ალიანსს – 3%; სტრატეგია აღმაშენებელს – 2.37%; ლეიბორისტულ პარტიას – 1%; ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეებს – 1%; ნინო ბურჯანაძე-ერთიანი საქართველო-დემოკრატიულ მოძრაობას – 1%.