„ამ ეტაპზე მიღებულია ეს გადაწყვეტილება: ხვალ, 16:00 საათზე, ველოდებით ქართველ ხალხს რუსთაველის გამზირზე. ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო ომი და ეს ომი ჩვენ არ წაგვიგია“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნიკა მელიამ გამთენიისას, მას შემდეგ რაც ცესკომ წინასწარი შედეგების გამოცხადება დაიწყო.
„ხელისუფლება მითვისებულია. სახეზეა სახელმწიფო გადატრიალება ჩადენილი ივანიშვილის ოლიგარქატისა და პუტინის სტრუქტურებს მიერ. ქართველმა ხალხმა ამას ღირსეული პასუხი უნდა გასცეს.
არჩევნების შედეგები არ არის ლეგიტიმური, ისინი არ შეიძლება იქნეს დამტკიცებული, ხელახალი არჩევნები წინ გველოდება.
სხვა გამოსავალი რეჟიმს არ აქვს“, – განაცხადა ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა.
აქციების გამართვაზე ისაუბრა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდრმა ხატია დეკანოიძემ. მისი თქმით, ოპოზიცია თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების მოთხოვნით, რუსთაველის გამზირზე პერმანენტულ აქციებს დაიწყებს.
„ეს არჩევნები არ იყო არც თავისუფალი, არც სამართლიანი. არ ასახავდა საქართველოს მოქალაქეების ნებას. ამიტომ, ჩვენ არ ვიღებთ ამ არჩევნების შედეგებს, ამ არჩევნებს არალეგიტიმურად ვაცხადებთ. ეს არჩევნები ნამდვილად იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელმა.
ამ დროისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 3847 საარჩევნო უბნიდან 2517 დაითვალა, რაც 65.43%. წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმების 48.82% „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ – 26.28% აქვს.