ელისაშვილის თქმით, გუშინ არჩევნები ტოტალური გაყალბების პირობებში ჩატარდა.
„უამრავი ფაქტის მოყვანა შეიძლება, მაგრამ ყველამ ნახეთ გაყალბების ერთ-ერთი ყველაზე დიდი თვალსაჩინოება: ათეულობით ოქმი, სადაც „ქართული ოცნების“ ხმები ბევრჯერ აღემატებოდა უბანზე მოსულთა რაოდენობას. მივმართავთ ყველა ოპოზიციურ პარტიას, ყველა ოპოზიციურ ლიდერს, რომ საერთო კონსენსუსია ამ საკითხთან დაკავშირებით აუცილებელი.
საჭიროა, რომ ყველამ უარი ვთქვათ მანდატებზე და ამით შევქმნათ კონსტიტუციური, სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ არ ჩატარდეს მეათე მოწვევის პარლამენტის სხდომა და ავტომატურად, კონსტიტუციის შესაბამისად, დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები“, – განაცხადა ელისაშვილმა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ალეკო ელისაშვილმა საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში ხმების 19.28% მიიღო, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა დავით სერგეენკომ - 43.05%. ამ დროისთვის ოლქის მხოლოდ 7 უბნის მონაცემები დარჩა დასათვლელი.