weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

უბნებთან კოორდინატორები სავარაუდოდ ამომრჩევლების დაშინებას ხელს უწყობდნენ - OSCE/ODIHR

19:32 კვირა, 01 ნოემბერი 2020

„ამომრჩევლების მიერ ხმის მიცემის პროცესის მუდმივი ვიდეო და ფოტო გადაღება პოტენციურად დაშინების გარემოს შექმნას უწყობდა ხელს. საარჩევნო უბნების უმრავლესობის გარეთ პარტიების კოორდინატორები და აქტივისტები იმყოფებოდნენ, რომლებიც სავარაუდოდ ამომრჩევლების დაშინებას უწყობდნენ ხელს და ხშირად ამომრჩეველთა აღრიცხვას ეწეოდნენ“, - ნათქვამია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ანგარიშში, რომლითაც OSCE/ODIHR 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არევნების წინასწარ დასკვნებს აქვეყნებს.

საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიას არჩევნების დღეზე სისტემატური ან ყოვლისმომცველი დაკვირვება არ განუხორციელებია, მისიის წევრებმა 64 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ 28 მუნიციპალიტეტში არსებული საარჩევნო უბნები მოინახულეს.

OSCE/ODIHR-ის წინასწარი დასკვნით, მონიტორინგს დაქვემდებარებულ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი გამჭვირვალე იყო და პროცედურები ძირითადად დაცული იყო; თუმცა, დრო და დრო ამომრჩეველთა იდენტობის გადამოწმება პირბადეების მოხსნის გარეშე ხდებოდა. COVID19-ის საწინააღმდეგო პრევენციული ზომები მიღებული იყო, თუმცა მონიტორინგს დაქვემდებარებული საარჩევნო უბნების უმრავლესობაში მათი თანმიმდევრულად გატარება არ ხდებოდა; საარჩევნო უბნების გარეთ და შიგნით სოციალური დისტანცირების წესებს იშვიათად იცავდნენ და ხშირად ეს შეუძლებელიც იყო. მონიტორინგს დაქვემდებარებულ საარჩევნო უბნებზე ქალები საარჩევნო კომისიების წევრთა უდიდეს უმრავლესობას შეადგენდნენ.

საარჩევნო ჯიხურებში ხმის მიცემის ფარულობა ძირითადად დაცული იყო; თუმცა, მონიტორინგს დაქვემდებარებულ ზოგიერთ უბანზე ამომრჩევლების მიერ ხმის მიცემის პროცესის მუდმივი ვიდეო და ფოტო გადაღება პოტენციურად დაშინების გარემოს შექმნას უწყობდა ხელს.

მონიტორინგს დაქვემდებარებულ საარჩევნო უბნების უმრავლესობაში პარტიების წარმომადგენლებისა და ადგილობრივი დამკვირვებლების დიდი ოდენობით ყოფნა ხალხმრავლობას იწვევდა. კარგად ჩამოყალიბებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ჯგუფების გარდა, ადგილზე ახალი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც როგორც ჩანს პარტიების წარმომადგენლები იყვნენ და ძირითადად მმართველ პარტიასთან იყვნენ აფილირებული. ზოგ შემთხვევაში აღნიშნული დამკვირვებლები საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მუშაობაში ერეოდნენ ან წყვეტდნენ ვინ უნდა შესულიყო საარჩევნო უბნებზე.

მონიტორინგს დაქვემდებარებული საარჩევნო უბნების უმრავლესობის გარეთ პარტიების კოორდინატორები და აქტივისტები იმყოფებოდნენ, რომლებიც სავარაუდოდ ამომრჩევლების დაშინებას უწყობდნენ ხელს და ხშირად ამომრჩეველთა აღრიცხვას ეწეოდნენ.

გავრცელდა ინფორმაცია რამდენიმე ძალადობრივი ინციდენტის შესახებ, მათ შორის იყო „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე ათეულ აქტივისტს შორის თბილისის გლდანის რაიონის ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან მომხდარი დაპირისპირება, რის შედეგად პოლიციამ ექვსი ადამიანი დააკავა.

არჩევნების დღეს მომხდარ 12 ძალადობრივ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმეები აღძრა. გარდა ამისა, არჩევნებთან დაკავშირებული ხულიგნობისთვის ცხრა ადამიანი იქნა დაკავებული. პროკურატურამ არჩევნების დღეს ამომრჩეველთა მოსყიდვასთან დაკავშირებით ერთი სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

ცესკომ საკუთარ მონაცემთა ბაზაში საოლქო საარჩევნო კომისიებში შეტანილი დაახლოებით 380 საჩივარი ატვირთა, რომლებიც ძირითადად საარჩევნო უბნების გახსნისას საარჩევნო კომისიების წევრთა შორის მოვალეობების განაწილებას, დამკვირვებლებისთვის მუშაობაში ხელის შეშლას, ხმის მიცემის ფარულობის დაღვევას და პარტიების წარმომადგენლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობაში ჩარევას ეხებოდა.

ხმების დათვლის პროცესზე დაკვირვება მცირე რაოდენობის საარჩევნო უბანზე განხორციელდა; აღნიშნული პროცესი გამჭვირვალედ შეფასდა, თუმცა ცშირად ეს პროცესი ნელი და ხანგრძლივი იყო; პროცედურები ძირითადად დაცული იყო, თუმცა ადგილი ჰქონდა გარკვეულ მცირე შეუსაბამობებსაც. დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც პარტიებთან დაკავშირებული დამკვირვებლები საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მუშაობაში ერეოდნენ.

საარჩევნო ოლქებში შედეგების შეჯამების პროცესის საწყის ეტაპებზე დაკვირვება განხორციელდა, აღნიშნული ეტაპები კარგად ორგანიზებული და გამჭვირვალე იყო.

მომდევნო დღეების განმავლობაში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის შეზღუდული საარჩევნო სადამკვირვებლო მისია გააგრძელებს შედეგების შეჯამების პროცესზე დაკვირვებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]