weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ოცნებამ“ 76 მანდატი თუ მოიპოვა, პარლამენტი მუშაობას დაიწყებს - ზურაბ ჯიბღაშვილი

21:55 კვირა, 01 ნოემბერი 2020

სამართლის დოქტორის ზურაბ ჯიბღაშვილის თქმით, თუ „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციული და მაჟორიტარული წესით 76 მანდატი მოიპოვა, მე-10 მოწვევის პარლამენტი მუშაობას დაიწყებს და ოპოზიციის მხრიდან მანდატებზე უარის თქმას, სამართლებრივად არანაირი შედეგი არ ექნება.

„საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის თანახმად, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა იმართება პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა. პირველ სხდომას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. პარლამენტის სრული შემადგენლობა 150 დეპუტატია, რაც ნიშნავს, რომ პირველ სხდომას 76 დეპუტატი უნდა დაესწროს. თუ „ქართულმა ოცნებამ“ 76 მანდატი მოიპოვა, შევა, დაჯდება პარლამენტში და საკანონმდებლო ორგანო დაიწყებს მუშაობას. 

პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლი ამბობს, რომ პარლამენტის დადგენილებაში არ შეიტანება იმ პირის გვარი, რომლის პარლამენტის წევრად არჩევის კანონიერება ან სასამართლოშია გასაჩივრებული ან საეჭვოდ მიიჩნია პარლამენტის დროებითმა სამანდატო კომისიამ. აბა, ვის გინდათ ან არ გინდათ დეპუტატობაო, კომისია ამას არ არკვევს. პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს. ამ ნორმამ საკანონმდებლო ხელისუფლების უწყვეტობა დაიცვა. ვიღაც, რომ არ შევა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის პარლამენტი უნარიანი ვერ იქნება“, - უთხრა „რეგინფოს“ ზურაბ ჯიბღაშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები უნდა გაასაჩივროს და თავისუფალი არჩევნების უფლება ამ გზით დაიცვას:

მე რაც ვნახე ოქმებში, სრული სიგიჟეა, როცა ამოსული ბიულეტენების ჯამი აღემატება უბანზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს. როცა ერთი პარტიის მიერ მიღებული ხმები აღემატება უბანზე მისული ამომრჩევლების რაოდენობას - ეს სრული სიგიჟეა.

სწორედ ეს ოქმები უნდა გაასაჩივრონ და არჩევნების ბათილად ცნობას მიაღწიონ“.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პროპორციული წესით „ქართულმა ოცნებამ“ 48.15 % მიიღო, საარჩევნო ბლოკმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ 27.14 %; „ევროპულმა საქართველომ“ 3.78 %; „ლელომ“ 3.15 %; „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელმა“ - 3.15 %; „პატრიოტთა ალიანსმა“ 3.14 %; „გირჩმა“ 2.89 %; „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეებმა“ 1.33 %; „ლეიბორისტულმა პარტიამ“ 1 %;

ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და აცხადებს, რომ გაყალბებულია. ოპოზიციის ლიდერებმა დღეს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე, 8 ნოემბრისთვის მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვა დაანონსეს. მათი ნაწილი ამბობს, რომ მანდატებზე უარს იტყვიან და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]