weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზედმიწევნით დავაკვირდებით მოვლენათა განვითარებას და განსაკუთრებით მე-2 ტურს – ევროკავშირი

10:09 ორშაბათი, 02 ნოემბერი 2020

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერი საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ არჩევნების პირველი ტური განახლებული საარჩევნო სისტემით და ამომრჩეველთა მაღალი აქტიურობით ჩატარდა, მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ-19 პანდემიის გამო რთული პირობები იყო შექმნილი.

„ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ოდირის) და ეუთოს, ევროპის საბჭოს და ნატოს საპარლამენტო ასამბლეათა საერთაშორისო დამკვირვებლების წინასწარი მიგნებებისა და დასკვნების შესახებ ერთობლივი მოხსენების თანახმად, არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო.

თუმცა, დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ არჩევნების ჩატარებაზე გავლენა მოახდინა ამომრჩევლებზე ზეწოლასთან დაკავშირებულმა და მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში და არჩევნების დღეს მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარის ბუნდოვანების შესახებ გავრცელებულმა ბრალდებებმა, რამაც პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობა შეამცირა.

კვლავ მთავარია მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების უზრუნველყოფა, მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის ჩათვლით, ისევე როგორც ყველა საჩივრისა და აპელაციის სამართლიანი, გამჭვირვალე და საგულდაგულო განხილვა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა პარტიამ დემოკრატიული პრინციპებისა და სტანდარტების დაცვა და ადამიანის უფლებების პატივისცემა განაგრძოს. უაღრესად მნიშვნელოვანია თავისუფალი და ჯანსაღი მედია გარემოს უზრუნველყოფა, მათ შორის იმისთვის, რომ ამომრჩეველს მიეცეს სრულად ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება.

ევროკავშირი კვლავ ზედმიწევნით დააკვირდება მოვლენათა განვითარებას დარჩენილი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში და განსაკუთრებით მეორე ტურის დღეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერი აცხადებს, რომ ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ცვლილებებში ნაწილობრივ გათვალისწინებულია ეუთო / ოდირის და ევროპის საბჭოს / ვენეციის კომისიის ადრინდელი რეკომენდაციები, თუმცა, რიგი რეკომენდაციებისა გაუთვალისწინებელი დარჩა.

„მნიშვნელოვანი იქნება საარჩევნო სისტემაში არსებული ხარვეზების მოგვარება, მათ შორის ეუთო / ოდირის საბოლოო რეკომენდაციების გათვალისწინება, ინკლუზიური დიალოგის საშუალებით მეორე ტურის შემდეგ, რომელიც 21 ნოემბერს ჩატარდება.

ევროკავშირი გვერდში უდგას დემოკრატიულ, სტაბილურ, წარმატებულ და ინკლუზიურ საქართველოს და ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერას განაგრძობს“, – აცხადებს პრეს-სპიკერი.

 

ამ თემაზე:

„ოცნებამ“ მაჟორიტარული არჩევნები 14 ოლქში მოიგო, 16 ოლქში მეორე ტური გაიმართება

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]