weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მარნეულის კომისიამ 67-ე უბნის ოქმის სიყალბე აღიარა და დარგალს 300 „ხმა“ დააკლდა

17:39 სამშაბათი, 03 ნოემბერი 2020

მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ ბათილად სცნო 67-ე უბნის მაჟორიტარული არჩევნების შემაჯამებელი ოქმი, რომლითაც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ზაურ დარგალს 473 ხმა ჰქონდა მიღებული. გუშინ, „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა სერგი კაპანაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ამავე უბნის მაჟორიტარული შემაჯამებელი ოქმის პირველი ვერსიის ფოტოასლი, რომლის მიხედვითაც უბანზე სულ 528 ამომრჩეველია მისული, 173-მა ხმას ზაურ დარგალს მისცა, 228 ამომრჩეველმა კი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს აზერ სულეიმანოვს. 

„ეს ოქმი გაყალბებულია საოლქოში, ან პირდაპირ ცესკოში! ასე აქვს მოგებული დარგალს პირველი ტური 51.62%-ით. რა ლეგიტიმურობაზე მელაპარაკებით და რა პარლამენტში შესვლაზე?“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მარნეულის 67-ე უბნის შემაჯამებელ ოქმში, რომელიც ცესკოს ვებგვერდზე აიტვირთა, ზაურ დარგალს 473 ხმა ჰქონდა მიღებული, არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების გასწვრივ კი 528-ის ნაცვლად, 828 ეწერა. ერთიანი ოთხიანად, ხუთიანი კი რვიანად არის გადაკეთებული.

„იმ ოქმშია პირველადი ნამდვილი მონაცემები, სადაც 528 ამომრჩეველი ეწერა. გვაჩვენეს ეს ფოტოასლი და ვიხელმძღვანელეთ იმიტომ, რომ მასაც ისეთივე იურიდიული ძალა აქვს, როგორც დედანს.

დედანში ცვლილება მოხდა გაურკვეველ ვითარებაში, ვერ გვიზუსტებენ როგორ მოხდა და ვის მიერ იმიტომ, რომ როდესაც დოკუმენტაციის დალუქვა დაიწყეს კომისიის თავმჯდომარემ, მდივანმა და წევრებმა, დედანი სულ ხელში ხომ არ ექნებოდათ, სარეგისტრაციო ჟურნალთან ერთად იდო და ვინ აიღო, ვინ რა ქნა, როგორ ქნა, გაურკვეველია“, –

უთხრა „რეგინფოს“ მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ანა ილურიძემ.

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ დღეს განაცხადა, რომ ამ ოქმთან დაკავშირებით პოლიციაში განცხადებაა გაგზავნილი და თუ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშანი გამოიკვეთება, შესაბამისი საგამოძიებო ორგანო მოკვლევას დაიწყებს.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ზაურ დარგალს ხმების 51.66% ჰქონდა მიღებული, 31 350 ხმაა. საოლქო კომისიის განკარგულება უკვე აისახა მაჟორიტარული არჩევნების შედეგებზე და დარგალს 51.42% აქვს. „ქართული ოცნების“ კანდიდატი მარნეულისა და გარდაბნის ოლქში პირველივე ტურში გამარჯვებას მხოლოდ 1.42%-ით აღწევს და მეორე ტურის საჭიროება ჯერ-ჯერობით არ დგას. მის მთავარ კონკურენტს „გაერთიანებული ოზოპოციიდან“ აზერ სულეიმანოვს 38.91% (23 494 ხმა) აქვს.

სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მარნეულის საარჩევნო ოლქში დაფიქსირებულ დარღვევებზე სხვა საჩივრებიც აქვთ წარდგენილი და რამდენიმე უბანზე ხმების გადათვლას და შედეგების ბათილად ცნობას ითხოვენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]