კობახიძის თქმით, პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით შესაძლოა საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდეს.
„ბუნებრივია, კარგიც იქნება კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა, რომლის მიხედვითაც, თუ პარტია უდიერად ეპყრობა საკუთარი ამომრჩევლის ნებას და უარს ამბობს მანდატებზე, მას, რა თქმა უნდა, უარი უნდა ეთქვას სახელმწიფო დაფინანსებაზე. ეს იქნება ლოგიკური და ამაზე პარლამენტი ალბათ იმსჯელებს“, – აცხადებს კობახიძე.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით (3847 უბნიდან დათვლილია ყველა), 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად 1%-იანი ბარიერი 9 პარტიამ გადალახა: „ქართულმა ოცნებამ“ 48.23 % მიიღო, საარჩევნო ბლოკმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციამ“ – 27.17 %; „ევროპულმა საქართველომ“ –3.79 %; „ლელომ“ – 3.15 %; „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელმა“ – 3.15 %; „პატრიოტთა ალიანსმა“ – 3.14 %; „გირჩმა“ – 2.89 %; „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეებმა“ – 1.33 %; „ლეიბორისტულმა პარტიამ“ – 1 %.
ოპოზიციური პარტიები ცესკოს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ. პარტიებმა გუშინ ერთობლივ მემორანდუმს მოაწერეს ხელი, სადაც ნათქვამია, რომ უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე და „გადადგამენ ყველა პოლიტიკურ და სამართლებრივ ნაბიჯს, რომ დე იურე და დე ფაქტო არ შევიდნენ ე.წ. პარლამენტში“. ოპოზიციის წარმომადგენლები ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ და როგორც არაერთხელ განაცხადეს, მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებენ.