weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თბილისსა და რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიებთან აქციები იმართება

21:34 ოთხშაბათი, 04 ნოემბერი 2020

თბილისში, ბათუმში, ბოლნისსა და წყალტუბოში, საოლქო საარჩევნო კომისიებთან ოპოზიციური პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები აქციებს მართავენ. დღეს კომისიები საჩივრებს განიხილავენ. როგორც ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, მათ შენობაში შესვლის და სხდომებზე დასწრების უფლება არ მისცეს.

საოლქო საარჩევნო კომისიებთან პოლიციაა მობილიზებული. 

„ისანში 45 ოქმზე არ ჯდება ბალანსი და ყველა, 81-ვე უბანზე აკლია ბიულეტენები. მასობრივი კარუსელი დაატრიალეს და მასობრივი გაყალბება იყო. დღეს ჩვენ აქ მოვედით იმისთვის, რომ დავესწროთ ჩვენი საჩივრების განხილვას. აქ ყველა პარტია ვართ, ვინც აქამდე კონკურენტები ვიყავით და დღეს ერთად ვდგავართ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ხმები. არ შემიშვეს შენობაში და ჩემს დამკვირვებლებსაც აძევებენ იქიდან“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ.

ისნის გარდა, აქცია მიმდინარეობს საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან, სადაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ალეკო ელისაშვილიც იმყოფება. მისი პარტიის - „მოქალაქეების“ აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი, რის შედეგადაც სამი ადამიანი დააკავეს.

თბილისში აქცია იმართება გლდანისა და სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიებთანაც.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიაში ცოტა ხნის წინ სპეციალური ბრიფინგი გაიმართა, სადაც ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კალანდარიშვილმა განმარტა, რომ კომისიებზე დასწრების უფლებამოსილება გააჩნიათ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტის ერთ წარმომადგენელს, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის ერთ დამკვირვებელს, საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენელს თარჯიმანთან ერთად და ასევე აკრედიტირებული მედიასაშუალებების წარმომადგენლებს.

„ადგილი აქვს გარკვეული არაუფლებამოსილი პირების მცდელობას, დაესწრნენ საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომებს. ასევე,რიგ შემთხვევებში ადგილი აქვს ზეწოლის მოხდენის მდელობას“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით (3847 უბნიდან დათვლილია ყველა), 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად 1%-იანი ბარიერი 9 პარტიამ გადალახა: „ქართულმა ოცნებამ“ 48.23 % მიიღო, საარჩევნო ბლოკმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციამ“ – 27.17 %; „ევროპულმა საქართველომ“ –3.79 %; „ლელომ“ – 3.15 %; „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელმა“ – 3.15 %; „პატრიოტთა ალიანსმა“ – 3.14 %; „გირჩმა“ – 2.89 %; „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეებმა“ – 1.33 %; „ლეიბორისტულმა პარტიამ“ – 1 %.

ოპოზიციური პარტიები, მათ შორის ისინიც, რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილ შედეგებს უნდობლობას უცხადებენ და ცესკოს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ. პარტიებმა გუშინ ერთობლივ მემორანდუმს მოაწერეს ხელი, სადაც ნათქვამია, რომ უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე და „გადადგამენ ყველა პოლიტიკურ და სამართლებრივ ნაბიჯს, რომ დე იურე და დე ფაქტო არ შევიდნენ ე.წ. პარლამენტში“. ოპოზიციის წარმომადგენლები ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]