რამდენიმე საათია, რაც ბათუმში, ბოლნისში, წყალტუბოში, ასევე თბილისის რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიასთან ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები არიან შეკრებილი. როგორც ისინი აცხადებენ, აპროტესტებენ არჩევნების გაყალბებას და ითხოვენ შეუშვან კომისიების სხდომებზე, სადაც საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით საჩივრები განიხილება.
„საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების უფლება აქვთ აკრედიტებულ მედიის წარმომადგენლებს, საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის თითო დამკვირვებელს და ცესკოში რეგისტრირებულ საერთაშორისო ორგანიზაციის არაუმეტეს 2 დამკვირვებელს თარჯიმანთან ერთად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, აქტიურად დააკვირდნენ საოლქო საარჩევნო კომისიებთან მიმდინარე მოვლენებს, რაც ხელს შეუწყობს პროცესის გამჭვირვალობას და სანდოობას და აგვარიდებს არაზუსტი, საარჩევნო პროცესის დამაზიანებელი ინფორმაციის გავრცელებას საზოგადოებაში“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
თბილისში აქციები მიმდინარეობს ისნის, სამგორის, საბურთალოს და გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიებთან. ოპოზიციის ლიდერების განხადებით, კომისიების სხდომებზე „გაყალბებულ არჩევნებს ხელახლა აყალბებენ“.
საოლქო კომისიების შენობებთან ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა და ადგილი ჰქონდა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლას. საბურთალოს ოლქთან ადმინისტრაციული წესით დააკავეს სამი აქტივისტი.