weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თამარ ჟვანიამ კრიმინალი ჩაიდინა, აქეთ უნდა იხვეწებოდეს, გამიშვითო – ელისაშვილი

09:58 ხუთშაბათი, 05 ნოემბერი 2020

„თამარ ჟვანიასთან ერთი პერიოდი ვმეგობრობდი და როგორ მრცხვენია. რად გადაიქცა ერთ დროს არჩევნების მცოდნე, კვალიფიციური ადამიანი. აქეთ უნდა იხვეწებოდეს, გამიშვითო. კრიმინალი ჩაიდინა. ცესკო თავიდან ბოლომდე კრიმინალია“, – განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ და საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ალეკო ელისაშავილმა.

ელისაშვილმა საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიასთან გუშინ საღამოს განვითარებულ მოვლენებზე ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ისაუბრა და განაცხადა, რომ კომისიამ საჩივრების განხილვა ისე დაიწყო, რომ მისი შტაბისთვის ან პირადად მისთვის არ უცნობებიათ.

„საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიამ ისე დაიწყო სხდომა, რომ არც ჩემი წარმომადგენელი ჩააყენა საქმის კურსში, არც ჩემი შტაბი და არც მე, არადა უამრავი საჩივარი გვაქვს დაწრილი - ერთგან 92 ხმა არ იყო დაბალანსებული, ერთგან - 47, ერთგან - 40, თან სულ ოპოზიციის ხმები და ამის განხილვაზე არ დაგვიძახეს. ხან მეუბნებიან, კანონით არ გეკუთვნოდაო. რას ჰქვია? - კანდიდატი ვარ და ჩემი წარმომადგენელიც არ უნდა შესულიყო?“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიატი 3600-ვე საარჩევნო უბნის შედეგების ხელახლა დათვლას და დარღვევები გამოვლენის შემდეგ ცესკოს გადადგომას ითხოვს. ელისაშვილის თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ოპოზიიცის კანდიდატი უნდა იყოს.

„ირაკლი კობახიძის და მისნაირი გარეწრების გასაგონად მინდა ვთქვა, რომელიც გვეუბნებიან - მანდატებზე უარს თუ ვიტყვით, დაფინანსებას შეგვიწყვეტენ: მანდატიც ერთ ადგილას გაიკეთოს და ის დაფინანსებაც. კორექტულად საუბარი არ გამოდის. უნდოდათ ბრძოლა და დაპირისპირება? არ უნდოდათ ადამიანური არჩევნები? ხოდა, მიიღებენ. ჰგონიათ ვინმეს ეშნია? გააყალბეს, იმამაძაღლეს და ამაზე პასუხი უნდა აგონ. თუ უნდოდათ ნორმალური არჩევნები, ჩაეტარებინათ. გადაითვალონ მთლიანად, რომ გამოჩნდება დარღვევები, დაახვიოს იმ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. ბოდიში, წყნარად და დალაგებულად, როგორც პარლამენტის წევრი უნდა საუბრობდეს, ვერ ვლაპარაკობ ამ ყველაფრის ფონზე.

ჩემთვის ყველაზე ღირებული პარლამენტის მანდატი კი არ არის, ჩემი სახელია. 42 წლის ვარ. პარლამეტის წევრად არ დავბადებულვარ და არც მოვკვდები, მაგრამ ალეკო ელისშვილად დავიბადე და მოვკვდები“, – განაცხადა ელისაშვილმა.

4 ნოემბერს, თბილისისა და რამდენიმე რეგიონში, საოლქო საარჩევნო კომისიებთან ოპოზციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები იმყოფებოდნენ. ისინი ითხოვდნენ კომისიების სხდომებზე შესვლას და საჩივრების განხილვაზე დასწრებას.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კალანდარიშვილმა გვაინ ღამით, ბრიფინგზე განაცხადა, რომ საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიამ ერთი საარჩევნო უბნის ბიულეტენები გადაითვალა და ამ უბნის შედეგი უცვლელი დატოვა.

გადათვლის შედეგად, ასევე უცვლელი დარჩა ბოლნისის, ხაშურის და ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიებში გადათვლილი თითო-თითო საარჩევნო უბნის შედეგები.

„ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში დამკვირვებელი ორგანიზაციების - „სამართლიანი არჩევნებისა“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მოთხოვნის საფუძველზე ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე გადაითვალეს ბათილი ბიულეტენები, ამ პროცედურის განხორციელების შემდეგ არ დამდგარა შედეგების გასწორების საჭიროება“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

საჩივრების განხილვა საოლქო საარჩევნო კომისიებში 5 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]