weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

ჩემზე, პარლამენტის წევრზე, უკანონო მიყურადება ხორციელდება – სალომე სამადაშვილი

10:44 შაბათი, 07 ნოემბერი 2020

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ გუშინ გავრცელებული აუდიოჩანაწერი სხვადასხვა დროს, ფარული მიყურადებით განხორციელებული პირადი საუბრების ჩანაწერების მონტაჟია.

ჩანაწერში, რომელიც უკრაინულმა ონლაინგამოცემა „obozrevatel“-მა 6 ნოემბერს გამოაქვეყნა, ხოლო შემდეგ ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა, სავარაუდოდ, სალომე სამადაშვილი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ განვითარებულ შიდა პროცესებზე საუბრობს და უკმაყოფილებას გამოთქვამს 2020 წლის არჩევნებისთვის პარტიული სიის ფორმირებასთან დაკავშირებით.

სავარაუდოდ, სამადაშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ სიაში „ვიზუალურად დავარცხნილ-დაბანილი ხალხია, ყველას აქვს დასავლური განათლება მიღებული“, ხოლო „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ სიაში უნდა ჩაწეროს „დილარ ხაბულიანი, ოქრიაშვილი, ჩოჩელი, და-ძმა ჩხეიძეები, მაჭუტაძე კლოუნი, გუბაზა სანიკიძე, მურმან დუმბაძე“.

„მე გადავწყვიტე, რომ ეს კოშმარი სია თუ იქნება, არც ჩავეწერები და ვიტყვი, რომ თქვენი ბრალია, ბიძინა ივანიშვილი რომ რჩება ძალაუფლებაში, იმიტომ, რომ შეუძლებელია... რაზე აქვს პრეტენზია პარტიას, რომელმაც ერთი ახალი, ნორმალური ადამიანი ვერ დაიმატა... ამ პარტიაში მოსვლის დღიდან ვიძახდი, რომ მოვიყვანოთ ვინმე ახალი კომპეტენტური ახალგაზრდა ხალხი. ამის ნაცვლად ნაგვის შესრუტვით არის დაკავებული პარტია. მე არ ვიქნები სიაში, რომელსაც ხმას ვერ მივცემ… ახლა ბოლო დღეებია „ნაციონალური მოძრაობის“. ოღონდ ამაზე მთლიანად პასუხისმგებლობა ეკისრება მიხეილ სააკაშვილს“, – ისმის ჩანაწერში.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, აუდიოჩანაწერის გავრცელებით „ქართული ოცნება“ აღარ მალავს, რომ უკანონო მოსმენებს ახორციელებს. როგორც დეპუტატი ამბობს, ამის შესახებ დიპლომატიურ მისიებს აცნობებს.

„დიდი ძმა გვისმენს – ხვალვე ყველა დიპლომატიურ მისიას, ბრიუსელს, ვაშინგტონს ექნება ინფორმაცია, რომ ჩემზე, საქართველოს პარლამენტის წევრზე, საქართველოს ტერიტორიაზე, ხორციელდება უკანონო მიყურადება და ჩემი პირადი საუბრების ჩაწერა. „იმედის“ უნიჭო „კგბშნიკ“ დირექტორს თუ მიაჩნია, რომ ვინმე დააზიანა, გარდა საკუთარი პოლიტიკური პატრონისა, ჩემი პირადი საუბრების ჩანაწერების უნიჭო კომპილაციის გასაჯაროვებით, ძალიან ცდება. ეს მახინჯი სისტემა დაინგრევა, გპირდებით! უკანონო მიყურადებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც, ვისაც ეკუთვნის“, – წერს სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში.

დეპუტატის განცხადებით, „ფარული ჩანაწერების ფრიალი რომ დაიწყო, მაშინ დაადგა „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლება დაისის გზას“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]