„2016 წლის 8-ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩვენს პარტიაში შეიქმნა კრიზისული ვითარება. პარტია დატოვა არაერთმა ლიდერმა და წევრმა. ჩვენს წინაშე იდგა პარტიის გადარჩენის ამოცანა, რომელსაც არსებითად გავართვით თავი. მაგრამ, შექმნილი მდომარეობის გათვალისწინებით, 2017 წლის თითმმართველობის არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა ჩვენი პარტიის ძალებს აღემატებოდა და ასეთი რამ მიზნად არც დაგვისახავს.
რამდენიმე თვის წინ ჩვენ შემოგვთავაზეს საკმაოდ საინტერესო პროექტი, რომლის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში შესაძლებელი გახდებოდა ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან საკმაოდ რეალური დაპირისპირება. ამ პროექტის პირველ საფეხურზე გამოვაცხადეთ საარჩევნო ბლოკი რესპუბლიკურ პარტიასთან. სამწუხაროდ, ამ პროექტის განხორციელება, ჩვენგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო, პირველ საფეხურს ვერ გასცდა.
შექმნილ ვითარებაში გადავწყვიტეთ გამოვტოვოთ თვითმმართველობის არჩევნები და შევუდგეთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას. ამასთან, ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობთ და განვაგრძობთ მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და აუცილებლად ვიტყვით მნიშვნელოვან სიტყვას თავისუფალი, სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებისთვის ბრძოლაში. 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებში გულწრფელად ვუსურვებთ წარმატებას ყველა პრინციპულ, პროდასავლურ ოპოზიციურ ძალას და კანდიდატს“, - აღნიშნულია „თავისუფალი დემოკრატების“ განცხადებაში.