დიპლომატიური წარმომადგენლობები მოუწოდებენ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც 8 ნოემბერს შეკრების უფლების გამოყენებას აპირებს, განახორციელონ ეს მშვიდობიანად და კოვიდ-19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომების დაცვით, ხოლო ხელისუფლებას მოუწოდებენ, ხელი შეუწყოს სათანადო გარემოს შექმნას.
„რაც შეეხება მიმდინარე საარჩევნო პროცესს, მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, განაგრძონ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული მტკიცებულებების განხილვა სამართლებრივი საშუალებების გამოყენებით, იმ დემოკრატიული პროცესების ფარგლებში, რომელიც საქართველომ ბოლო 20 წლის განმავლობაში შექმნა.
დასაბუთებული საარჩევნო დარღვევების გამოსასწორებლად აუცილებელია სანდო და ინკლუზიური სამართლებრივი პროცესი, რათა მოხდეს ამომრჩეველთა ნების პატივისცემა, საარჩევნო პროცესისადმი საზოგადოების ნდობის განმტკიცება და საზოგადოებამ შეძლოს არჩევნების შედეგების ლეგიტიმურად ცნობა.
მზად ვართ, ამ მიზნების მისაღწევად, საჭიროებისამებრ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ.
საქართველოს სჭირდება პარლამენტი, რომელიც შეძლებს თავისი როლის შესრულებას გადაუდებელი პრობლემების გადაჭრაში, როგორიცაა ეკონომიკური არასტაბილურობა, პანდემია და რეგიონული დაძაბულობა; ამასთანავე, გაატარებს დამატებით რეფორმებს ქვეყნის სამომავლო დემოკრატიული, სამართლებრივი და საარჩევნო პროცესების გასაუმჯობესებლად. ყველა პოლიტიკურმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ასეთი შედეგის უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია განცხადებაში.
31 ოქტომბრის არჩევნებს არ აღიარებენ ოპოზიციური პარტიები, მათ შორის ის 9 პარტია და ბლოკიც, რომლებმაც შეძლეს 1%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვა. ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა. ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, საპარლამენტო არჩევნები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჩატარებულ არჩევნებს შორის ყველაზე ნაკლებ დემოკრატიული და თავისუფალი იყო.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით (3847 უბნიდან დათვლილია ყველა), 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად 1%-იანი ბარიერი გადალახეს: „ქართულმა ოცნებამ“ 48.23 % მიიღო, საარჩევნო ბლოკმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციამ“ – 27.17 %; „ევროპულმა საქართველომ“ –3.79 %; „ლელომ“ – 3.15 %; „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელმა“ – 3.15 %; „პატრიოტთა ალიანსმა“ – 3.14 %; „გირჩმა“ – 2.89 %; „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეებმა“ – 1.33 %; „ლეიბორისტულმა პარტიამ“ – 1 %.