„ჩვენ, რა თქმა უნდა, თითოეული ამ ადამიანის მიმართ გამოვხატავთ ჩვენს პატივისცემას, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა, თუმცა როდესაც პოლიტიკური პარტიები აპროტესტებენ არჩევნების შედეგებს, აქციაზე ადამიანების რაოდენობას ბუნებრივია გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.
ამიტომ ადამიანების რაოდენობის დაფიქსირება მნიშვნელოვანია და შესაბამისად დღევანდელმა დღემ და აქციამ დაადასტურა ის, რომ ქართველი ხალხი არა მხოლოდ აღიარებს, არამედ იწონებს კიდეც არჩევნების შედეგებს“, – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის მტკიცებით, რუსთაველის გამზირზე, აქციის პიკზე 7000 ადამიანი იყო და წამზომის გამორთვამდე მათი რაოდენობა 3000-2500-მდე შემცირდა.
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დათვლით, საპროტესტო მიტინგს პიკში 45 000 ადამიანი ესწრებოდა.
აქცია პარლამენტის შენობასთან დაახლოებით 15 საათზე დაიწყო. გაერთიანებულმა ოპოზიციამ ხელისუფლებას სამი მოთხოვნით მიმართა და მათ შესასრულებლად ვადა 20:00 საათამდე მისცა. ეს მოთხოვნებია: 1. ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება; 2. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან თამარ ჟვანიას გადადგომა; 3. პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
აქციის ორგანიზატორებს „ქართული ოცნებიდან“ გიორგი კახიანი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მმართველი პარტია ოპოზიციის ულტიმატუმის შესრულებას არ აპირებდა. მისი შეფასებით, ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა აბსურდულია, რის გამოც ისინი პოლიტიკურ ჩიხში აღმოჩნდებიან.
ვადის ამოწურვის შემდეგ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ოპოზიციასთან კონტაქტზე გავიდნენ არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე, რომლებმაც მათ ხვალ დალაპარაკება შესთავაზეს.
„მაშინ, როდესაც აქ დგას მთელი ერი, ხელისუფლება ვალდებულია დღესვე დაგველაპარაკოს“, – განაცხადა მელიამ და აქციის მონაწილეებს ცენტრალური საარჩევნო კომისიისკენ წასვლისა და შენობის პიკეტირებისკენ მოუწოდა. როგორც ნიკა მელიამ თქვა, ხვალიდან ცესკოს შენობაში ვერავინ შევა და ვერც იქიდან გამოვა. მისივე თქმით, პროტესტი მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.