weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ცესკოსთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა

22:17 კვირა, 08 ნოემბერი 2020

თბილისში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მისული დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა. ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველები იმყოფებიან.

მოქალაქეები, რომლებიც 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ცესკოს მიერ დათვლილ შედეგებს აპროტესტებენ, ცესკოსთან მას შემდეგ მივიდნენ, რაც ხელისუფლებამ რუსთაველის გამზირზე აქციის დროს, ოპოზიციის მიერ გაჟღერებული მოთხოვნები არ დააკმაყოფილა. ისინი ცესკოსთან აღმართულ რკინის ჯებირს ქვებს ურტყამდნენ და მასზე გადასვლას ცდილობდნენ. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი წინასწარი გაფრთხილების გარეშე მიმართეს.

აქცია პარლამენტის შენობასთან დღეს, დაახლოებით 15 საათზე დაიწყო. გაერთიანებულმა ოპოზიციამ ხელისუფლებას სამი მოთხოვნით მიმართა და მათ შესასრულებლად ვადა 20:00 საათამდე მისცა. ეს მოთხოვნებია: 1. ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება; 2. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან თამარ ჟვანიას გადადგომა; 3. პოლიტპატიმრების გათავისუფლება. 

აქციის ორგანიზატორებს „ქართული ოცნებიდან“ გიორგი კახიანი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მმართველი პარტია ოპოზიციის ულტიმატუმის შესრულებას არ აპირებს. მისი შეფასებით, ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა აბსურდულია, რის გამოც ისინი პოლიტიკურ ჩიხში აღმოჩნდებიან.

ვადის ამოწურვის შემდეგ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ოპოზიციასთან კონტაქტზე გავიდნენ არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე, რომლებმაც მათ ხვალ დალაპარაკება შესთავაზეს.

„მაშინ, როდესაც აქ დგას მთელი ერი, ხელისუფლება ვალდებულია დღესვე დაგველაპარაკოს“, განაცხადა მელიამ და აქციის მონაწილეებს ცენტრალური საარჩევნო კომისიისკენ წასვლისა და შენობის პიკეტირებისკენ მოუწოდა. როგორც ნიკა მელიამ თქვა, ხვალიდან ცესკოს შენობაში ვერავინ შევა და ვერც იქიდან გამოვა. მისივე თქმით, პროტესტი მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]