მისი თქმით, „ოპოზიციას არ მოსწონს უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დაახლოებით 30 უბანზე უკვე გადაითვალა ბიულეტენები. დამატებით, სასამართლოს დავალებით მიმდინარეობს თუ არ ვცდები ათამდე უბანზე გადათვლა. ჯერჯერობით ამ გადათვლის შედეგად რაიმე არსებითი დარღვევა, ხაზს ვუსვამ, რაიმე არსებითი დარღვევა გამოვლენილი ვერ იქნა, არა თუ გაყალბების რაიმე ფაქტი.
ვუერთდებით ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მოწოდებას და ჩვენც,
კატეგორიულად მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან რეგულაციები, ასევე არ გასცდნენ პროტესტის მშვიდობიანი გამოხატვის ფორმებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო ყველა კანონდარღვევას უპასუხებს პროპორციულად და არ დაუშვებს მათი მხრიდან კანონის ჩარჩოებიდან გასვლის ნებისმიერ პრეცედენტს და ასეთ მცდელობებს“.
8 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის მიერ ორგანიზებული ხალხმრავალი საპროტესტო აქციის დასრულების შემდეგ, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, აქციის მონაწილეებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გადაინაცვლეს. ოპოზიცია ცესკოს პიკეტირებას აპირებს. ცესკოსთან მისული დემონსტრანტები პოლიციის მისამართით საპროტესტო შეძახილებს სკანდირებდნენ, რა დროსაც მათ წინააღმდეგ, კანონით სავალდებულო გაფრთხილების გარეშე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყლის ჭავლი გამოიყენა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
გავრცელდა ინფორმაცია, ცესკოს შენობასთან დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზის გამოყენების შესახებ, რაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახა საბანაძემ უარყო.
ოპოზიცია ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობიდან თამარ ჟვანიას გადადგომას, საარჩევნო ადმიანისტრაციის შეცვლას, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს.