weather cur horoscope tv
ნოემბერი 03, 2024

გამოსავალია ახალი არჩევნების ვადებსა და პირობებზე შეთანხმება – დავით უსუფაშვილი

14:24 ორშაბათი, 09 ნოემბერი 2020

„პოლიტიკური მოვლენები ისეთ კალაპოტში მოექცა, რომ ყველანი – მართლებიც და მტყუანებიც – ქართული სახელმწიფოს ნგრევის პროცესში ვმონაწილეობთ. როგორმე უნდა შევჩერდეთ და გამოსავალი ვიპოვოთ“, – აცხადებს პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.

უსუფაშვილის აზრით, გამოსავალია ახალი არჩევნების ვადებსა და პირობებზე შეთანხმება და მისი საერთაშორისო ინსტრუმენტებით გამაგრება.

„ასეთი შეთანხმების მიღწევა რთული საქმეა, რადგან ჩვენში პოლიტიკურ ვაჟკაცობად სხვისი განადგურება მიიჩნევა და არა სხვასთან ერთად სწორ გზაზე დადგომა. დღეიდან მხოლოდ ამ რთულ საქმეს მოვახმარ შერჩენილ ადამიანურ და პოლიტიკურ რესურსს – დავურეკავ, ვუპასუხებ, შევხვდები, მოვუსმენ, შევთავაზებ... ჩემი საჯარო აქტიურობაც ამ საქმის ინტერესებს დაექვემდებარება“, – წერს უსუფაშვილი სოციალურ ქსელში.

ოპოზიციური პარტიები, მათ შორის, „ლელო“, 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. გუშინ, 8 ნოემბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მათი ორგანიზებით მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელმაც მოგვიანებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გადაინაცვლა.

ცესკოსთან მისული დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ, კანონით სავალდებულო გაფრთხილების გარეშე, წყლის ჭავლი გამოიყენა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციის მონაწილეები შეეცადნენ შეჭრილიყვნენ ცესკოს შენობაში, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა და „ვინაიდან აქციის მონაწილეები იყენებდნენ ძალადობრივ მეთოდებს და არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მითითებებს, შსს-მ მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში პროპორციული ძალა გამოიყენა“.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ძალის გამოყენება იმ ვითარებაში, როდესაც არ მომხდარა ხმამაღალი ფორმით აქციის მონაწილეების გაფრთხილება, ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნას. ლომჯარიამ ასვე თქვა, რომ პოლიციას არა აქვს უფლება გამოიყენოს ძალა, თუნდაც გაფრთხილების შემდგომ, როდესაც აქცია არ სცდება კანონიერ ფარგლებს.

შსს-ს ინფორმაციით, აქციის მიმდინარეობისას, ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო 14-მდე სამართალდამცველმა, მედიის 3-მა წარმომადგენელმა და აქციის 10-მდე მონაწილემ. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობისთვის, ადმინისტრაციული წესით, დაკავებულია 19 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]