weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მზად ვართ გრძელვადიანი და მშვიდობიანი პროტესტისთვის – 4 ოპოზიციური პარტია

18:09 სამშაბათი, 10 ნოემბერი 2020

ოთხი პოლიტიკური პარტია – „გირჩი“, „ევროპული საქართველო,“ „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნავენ, რომ არ აპირებენ გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებას, მეორე ტურში მონაწილეობას და არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლას.

განცხადების თანახმად, აღნიშნული პოლიტიკური პარტიები მზად არიან გრძელვადიანი და მშვიდობიანი პროტესტისთვის.

„ივანიშვილის რეჟიმმა უკვე ბევრჯერ გვაჩვენა, რომ აპირებს უკანონო ძალის გამოყენებით ხელისუფლების შენარჩუნებას. ცესკოს წინ მშვიდობიანი მანიფესტანტების დარბევა წყლის ჭავლით და გუშინ სამოქალაქო აქტივისტების უკანონო დაკავება წარმოადგენს ამ არალეგიტიმური რეჟიმის ქვეყნისთვის სახიფათო რეაქციას მშვიდობიან პოლიტიკურ და სამოქალაქო პროტესტზე.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენს მყარ პოზიციას, რომ არ ვაპირებთ გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებას, მეორე ტურში მონაწილეობას და არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლას.

ჩვენ ვაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ.

ჩვენი მოთხოვნები უცვლელია - არჩევნების ხელახლა ჩატარება, ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. სწორედ ამ საკითხზე უნდა გაიმართოს დიალოგი ივანიშვილის რეჟიმთან საქართველოს საერთაშორისო მეგობრების შუამავლობით.

მოვითხოვთ შსს-სგან არ დაუშვან პოლიციური ძალების ახლო კონტაქტი მომიტინგეებთან, რადგან მათი კომპეტენცია და გამოცდილება არაა საკმარისი ამ ტიპის ვითარების ეფექტურად და კანონის ფარგლებში სამართავად.

მოვუწოდებთ მშვიდობიან მანიფესტანტებს, მათ შორის ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფის მხარდამჭერებს, რომლებიც სამართლიანად არიან აღშფოთებული გაყალბებული არჩევნების და ხელისუფლების მხრიდან ძალადობის გამო, არ შევიდნენ ფიზიკურ კონფრონტაციაში პოლიციასთან. ნებისმიერი ვინც ასე არ მოიქცევა, თავად გაემიჯნება მშვიდობიან პროტესტს“, – აცხადებენ პარტიები.

მათივე განცხადებით, ოპოზიციის საერთო შეთანხმებით 14 ნოემბერს, თბილისში საპროტესტო აქცია იქნება, ხოლო 21 ნოემბერს, „გაყალბებული არჩევნების მეორე ფიქტიური ტურების დროს“, მშვიდობიანი, ცოცხალი ჯაჭვი.

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ განმარტა, რომ ოთხი პარტიის დღევანდელი განცხადება არანაირად არ უკავშირდება რომელიმე ცალკეული პოლიტიკოსის ამა თუ იმ განცხადებას. ბარაძემ იმედი გამოთქვა, რომ მათ ხედვას გაიზიარებენ სხვა პარტიებიც და გახდება საფუძველი საერთო ოპოზიციური მოქმედებისთვის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]