შეხვედრის დასრულების შემდეგ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ პოლიტიკური კონსულტაციების კიდევ ერთი რაუნდი უახლოეს დღეებში გაიმართება.
„მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური დიალოგი დაიწყო. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ პარტიებს შორის დიალოგი ქვეყნის ინტერესებშია. შესაბამისად, ვიტყოდი, რომ ეს იყო პოლიტიკური კონსულტაციების პოზიტიური დასაწყისი.
დიდი იმედი მაქვს, რომ დიალოგი გაგრძელდება და ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი დემოკრატიისთვის მნიშვნელოვან შედეგამდე მივალთ.
ჩვენი დიდი სურვილია, რომ დავაახლოვოთ პოზიციები. დღევანდელი შეხვედრაც გარკვეულწილად ამას ემსახურებოდა. გავცვალეთ არგუმენტები, რომელიც ყველა მხარეს ჰქონდა. ყველას ყურადღებით მოვუსმინე.
ჩვენი პოზიცია მკაფიოა - მოდით, ერთად გადავამოწმოთ ყველა საკითხი და კითხვა, რომელიც იყო დასმული. ჩვენ გვაქვს ძალიან კონსტრუქციული და გახსნილი პოზიცია. გვსურს, მივიდეთ იმ შედეგთან, როდესაც ყველა, საბოლოო ჯამში, პატივს სცემს არჩევნების შედეგებს და საქართველოს პარლამენტი განაგრძობს ფუნქციონირებას ისე, როგორც ეს კონსტიტუციასა და კანონშია გაწერილი“, – განაცხადა თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩებმა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გამოხატეს იმისთვის, რომ პოლიტიკური დიალოგი დასრულდეს კონკრეტული შედეგით, რომელიც საქართველოს ინტერესებშია.