weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

უბნებზე დისბალანსს ოპოზიციის აქტივისტების მხრიდან ბიულეტენების გატანა იწვევდა – თალაკვაძე

10:55 შაბათი, 14 ნოემბერი 2020

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საარჩევნო უბნებზე დისბალანსის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი ოპოზიციის აქტივისტების მიერ ბიულეტენების უბნის გარეთ გატანაა. ამის საკითხზე თალაკვაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, არჩევნების და ზოგადად, დემოკრატიული პროცესების დისკრედიტაცია ოპოზიციის „რადიკალურმა ნაწილმა“ არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო.

„ეს პროცესი, რაც ცესკოში ვიხილეთ, არის ზუსტად მათი გეგმის ნაწილი. ჩვენმა პოლიტიკურმა შტაბმა, საარჩევნო კამპანიის წარმომადგენლებმა გააკეთეს ბრიფინგები და ჩამოთვალეს კონკრეტულად ის მეთოდები, რითიც ამ ტიპის რადიკალური ძალები ეცდებოდნენ არჩევნების შედეგების დისკრედიტაციას - ეს იყო ბიულეტენების გატანა მათი აქტივისტების მხრიდან, რაც მერე იწვევდა დისბალანსს უბნებზე, შეთანხმებულად ხელმოწერების არ გაკეთება, რაც შემდეგ აპელაციის საშუალებას აძლევდათ, თითქოს, იყო გაყალბება. იყო ბევრი სხვა მოქმედება, რომელიც ჩვენ წინასწარ შევატყობინეთ საზოგადობას“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ჟურნალისტის დამაზუსტებელ შეკითხვას, უბნებზე დისბალანსი გამოიწვია თუ არა იმან, რომ ბიულეტენები ოპოზიციამ გაიტანა, თალაკვაძემ უპასუხა: „ერთ-ერთი მიზეზი ეს გახლავთ. სავარაუდოდ, ერთი-ერთი მთავარი მიზეზი ეს გახლავთ. თუმცა, ჯამში, მინდა გითხრათ, რომ უბნები სადაც დისბალანსი იყო, მნიშვნელოვნად არ აღემატება იმ რაოდენობას, რომელიც წინა არჩევნებზე იყო. შესაბამისად, აპელირება იმაზე, რომ დისბალანსს ჰქონდა ტოტალური ხასიათი, არ არის სწორი“.

საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებულ დისბალანსზე ისაუბრა „ერვროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ოთარ კახიძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გუშინდელ სხდომაზე, როდესაც მისი პარტიის მიერ წარდგენილი საჩივრების შინაარსი შეაჯამა. კახიძის თქმით, არჩევნებზე მასშტაბური ხასიათი ჰქონდა ბიულეტენების გარეთ გატანას.

„ორგანიზებული ჯგუფი ამომრჩეველს გარეთ უხაზავდა ბიულეტენს და ატანდა შიგნით ჩასაგდებად. ამგვარი ბიულეტენების მასშტაბი, სადაც კონვერტს აკლია ბიულეტენი, არის 8404 და გაკონტროლებული ხმების რაოდენობა, თუ თითო კარუსელის მასშტაბს გავითვალისწინებთ, 200 000-მდეა. ამის გარდა, ზედმეტი ბიულეტენი აღმოჩენილია 200-ზე მეტ უბანზე. ზედმეტი ბიულეტენი ნიშნავს ბიულეტენის ჩაყრას საარჩევნო ყუთში. ამ 200-ზე მეტ უბანზე 100 000-ზე მეტი ამომრჩეველია. ამის გარდა, საარჩევნო ოლქის კომისიას უნდა გადაეთვალა ის უბნები, სადაც დისბალანსი ფიქსირდებოდა. გადათვლაზე 566 საჩივარი შევიტანეთ, მხოლოდ 3 შემთხვევაში დაგვიკმაყოფილდა გადათვლის მოთხონა და სამივე შემთხვევაში დადასტურდა, რომ სერიოზული უზუსტობები იყო. ყოველი მეორე მაჟორიტარული და ყოველი მესამე პროპორციული ოქმი ჩასწორებულია“, – თქვა კახიძემ.

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განაცხადა, რომ ოთარ კახიძის მიერ დასახელებული „ასტრონომიული რიცხვები“ აბსოლუტურად არასწორია და არ იცის, საიდან აქვს მას მოტანილი. ჟვანიას თქმით, ცესკო გამოაქვეყნებს ე.წ. დისბალანსების შესახებ მონაცემებს, რომელიც კახიძის მიერ დასახელებული მონაცემებისგან განსხვავდება.

ცესკომ ოპოზიციური პარტიების არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]