weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა

14:20 შაბათი, 14 ნოემბერი 2020

საქართველოში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში პარლამენტის თავმჯდომარესა და ოპოზიციის ლიდერებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა. მხარეებმა კონკრეტულ შედეგს დღეს ვერ მიაღწიეს, თუმცა შეთანხმდნენ, რომ შემდეგი შეხვედრა უახლოეს დღეებში გაიმართება.

პარლამენტის თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობა საზოგადოების და ქვეყნის ინტერესებშია.

„ჩვენ მივესალმებით დიალოგის ფორმატს და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დავაახლოვოთ პოზიციები, რათა დემოკრატიამ და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურმა სისტემამ განაგრძოს სტაბილურად ფუნქციონირება. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ ფორმატში პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი დასრულდება და ამოიწურება.

ჩვენ მზად ვართ, ეს დიალოგი განვაგრძოთ საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში.

ვფიქრობ, ახლა ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის ინტერესებშია პოლიტიკური სტაბილურობა, უფრო მეტი თანამშრომლობის შესაძლებლობის მოძებნა პოლიტიკურ პარტიებს შორის. ჩვენს მიერ ჩატარებული დემოკარტიული რეფორმები, რის მიხედვითაც ჩატარდა ეს საპარლამენტო არჩევნები, ამის შესაძლებლობას ნამდვილად აძლევს ყველას. მოდით, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ოპოზიციას აქვს მოლოდინი, რომ შემდეგ შეხვედრაზე ხელახალი არჩევნების თარიღზე იქნება საუბარი. ვაშაძემ კიდევ ერთხელ თქვა, რომ არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის მონაწილეობა არ განიხილება.

„პირველი – დღევანდელ შეხვედრაზე ყველა მხარე შეთანხმდა, რომ ფაქტობრივად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გუშინდელი გადაწყვეტილებით დახურა ყოველგვარი საუბარი ხმების გადათვლაზე, სხვადასხვა მექანიზმებზე, რაზეც იყო საუბარი „ქართული ოცნების“ მხრიდან. ეს საკითხი დაიხურა.

მეორე – ძალიან კონკრეტულად შევჯერდით, რომ აუცილებლად იქნება შეხვედრის შემდეგი რაუნდი, სადაც უკვე კონკრეტულად ვისაუბრებთ არჩევნების თარიღზე. ყოველ შემთხვევაში, ოპოზიციას ეს მოლოდინი გვაქვს, იმიტომ, რომ ვთქვით, რომ ამის გარეშე სხვა საკითხების განხილვას აზრი არ აქვს“, – აღნიშნა ვაშაძემ.

„ჩვენი პოზიცია რჩება უცვლელი იმის თაობაზე, რომ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები. სხვა გამოსავალი ქვეყანას არ აქვს. ხმების გადათვლაზე საუბარი იყო წინა შეხვედრაზე, რასაც ჩვენ არ დავთანხმდით, მაგრამ მათ წუხელ შეკრიბეს ცენტრალური საარჩევნო კომისია და შეაჯამეს შედეგები, რამაც აზრი გამოაცალა გადათვლის პერსპექტივასაც კი. შეხვედრაზე თალაკვაძემ თქვა ის, რაც დაავალა ბიძინამ“, – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.

„საუბარი იყო ისევ კონსტრუქციული, თუმცა ოპოზიციისა და ხელისუფლების პოზიციები ისევ შორს არის.

მთავარი მოთხოვნაა ხელახალი არჩევნები, იმიტომ, რომ არ არსებობს სამართლებრივი პროცედურები, რომლებიც მიგვიყვანს იმ შედეგებამდე, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის მიერ 31 ოქტომბერს გამოხატულ ნებას.

ამიტომ ოპოზიცის მხირდან ერთადერთი მთავარი საკითხი, რომელზეც შეიძლება შემდეგ დაშენდეს სხვა საკითხები, მაგალითად, ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება და ა.შ., არის ხელახალი არჩევნები“, – განაცხადა „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ.

პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის თქმით, ოპოზიცია და „ქართული ოცნება“, ასევე ელჩებიც ხედავენ, რომ „ვითარება არის მძიმე და გამოსავალი სასწრაფოდ არის მოსაძებნი“.

ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის მოლაპარაკებები 12 ნოემბრიდან, აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების, კელი დეგნანისა და კარლ ჰარცელის შუამავლობით იმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]