weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საარჩევნო შედეგების მართვის პროცესი ინსტიტუციონალურ გამოსწორებას საჭიროებს – IRI

13:44 ორშაბათი, 16 ნოემბერი 2020

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც არჩევნების შედეგების შეჯამებასაც ეხება. IRI-ის შეფასებით, პროცედურული კუთხით, შედეგების შეჯამების გაუმართავმა სისტემამ, რაც შესაძლო მანიპულაციის ეჭვს აჩენდა, კიდევ უფრო შეასუსტა მოსახლეობის ნდობა საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ და ეჭვქვეშ დააყენა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (განსაკუთრებით ქვედა დონეებზე) დამოუკიდებლობა და პროფესიონალიზმი.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის განცხადებით, რიგ მიზეზთა გამო, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ საარჩევნო შედეგების მართვის პროცესი ინსტიტუციონალურ გამოსწორებას საჭიროებს.

„მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების დღეს ხმების დათვლის პროცედურამ მშვიდად ჩაიარა, პოლიტიკურმა პარტიებმა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა დააფიქსირეს არაერთი დარღვევა, მათ შორის, შესწორებული და დაუბალანსებელი შემაჯამებელი ოქმების უპრეცედენტო რაოდენობა.

უნებლიე შეცდომები არსებობს ყველა არჩევნების დროს. თუმცა, ცესკო-ს მონაცემებით, შესწორებული ოქმების რაოდენობა შეადგენს 1167-ს (537 პროპორციული და 594 მაჟორიტარული) - დაახლოებით, ორჯერ უფრო მეტს, ვიდრე დაფიქსირდა 2016 წელს.

მიუხედავად იმისა, რომ ოქმების ნაწილი შესწორებულ იქნა კანონიერი მიზეზით, მაგალითად, არასწორი დროის, ხელმოწერის ან მცირე მათემატიკური შეცდომის გამო, დარჩენილი ნაწილის შემთხვევაში ეს ასე არ იყო.

არჩევნების დღის შემდგომ, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა შენიშნა, რომ არჩევნების შედეგების შეჯამების პროცედურები არ იყო საკმარისად გამჭვირვალე და ხელსაყრელი იმისთვის, რომ არჩევნების შედეგები სანდოდ იქნეს მიჩნეული.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის შეფასებით, ცესკო-ს არჩევნების შედეგების შეჯამების სისტემა - მათ შორის, შემაჯამებელი ოქმების განხილვა, ცესკო-ს ინსტრუქციები არჩევნების დღის პროცედურებზე, ცესკო-ს სახელმძღვანელო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის და საარჩევნო კოდექსის დებულებები - მოიცავს სუსტ მექანიზმებს იმისთვის, რომ მოხდეს საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილი შედეგების ჯვარედინი შემოწმება, მათემატიკური სიზუსტის უზრუნველყოფა და გადამოწმება, შედეგების საოლქო საარჩევნო კომისიაში გადაგზავნამდე“, – ნათქვამია ანგარიშში.

საერთაშორის რესპუბლიკური ინსტიტუტის განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიაში მიღებული შესწორებული შემაჯამებელი ოქმები, ხშირ შემთხვევაში, აღიარებული იყო მხოლოდ და მხოლოდ ახსნა-განმარტებითი ბარათების საფუძველზე, ყოველგვარი სიღმისეული ანალიზის გარეშე.

„შესწორების ოქმების მიღების ასეთმა პრაქტიკამ შესაძლოა კიდევ უფრო შეარყიოს ნდობა საარჩევნო ადმინისტრაციის ქვედა დონეების მიმართ, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს არჩევნების შედეგების მართვის სისტემის, პრაქტიკისა და სახელმძღვანელოების რეფორმისა და განახლების საჭიროებას“, – აცხადებს ორგანიზაცია.

IRI-ის მიერ ცესკოს ვებ-გვერდიდან აღებული შერჩეული ოქმების ანალიზის შედეგად აღმოჩენილი დარღვევები მოიცავს შემდეგს:

– საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმები, რომლებშიც მიცემული ხმების რაოდენობა აჭარბებს უბანზე კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას;

– შემთხვევები, როდესაც ამომრჩეველს მიეცა ხმის მიცემის უფლება მაჟორიტარულ არჩევნებში, როდესაც ის სხვა მაჟორიტარულ ოლქს მიეკუთვნებოდა;

– ოქმების შესწორება ბეჭდის გარეშე;

– შემაჯამებელი ოქმების მიზანმიმართული გაყალბების ნიშნები;

– საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მათემატიკური შეცდომების მქონე შემაჯამებელი ოქმების მიღება

– ბიულეტენების დაკარგვის შემთხვევები;

– შემთხვევა, როდესაც საოლქო საარჩევნო კომისიამ აღიარა საუბნო საარჩევნო კომისიის პროპორციული შემაჯამებელი ოქმის შედეგები, რომლებშიც ოპოზიციური პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა შეადგენდა ნოლს, მაგრამ შესწორდა 15 საათის შემდეგ.

– ციფრების კოორდინირებული ჩანაცვლების და პარალელურად, ბათილი ბიულეტენების რაოდენობის შესწორების შემთხვევები;

– ბათილი ბიულეტენების რაოდენობის მაღალი მაჩვენებლის შემთხვევა (10%) მაჟორიტარულ შემაჯამებელ ოქმში;

– შემთხვევები, როდესაც ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა სამაგიდო სიებში არ ემთხვეოდა შემაჯამებელი ოქმის შედეგებს.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა, ასევე, გააანალიზა მე-13 მაჟორიტარული ოლქის (გარდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის საარჩევნო უბნებისა) შემაჯამაბელი ოქმები და აღმოაჩინა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების 33%-ზე მეტში (91-დან 31-ში) დაფიქსირდა შემაჯამებელი ოქმების შესწორებისა და კომისიის თავმჯდომარეებისა და მდივნების მხრიდან ახსნა-განმარტებითი ბარათების დაწერის შემთხვევები.

„მიუხედავად იმისა, რომ შესწორებების უმრავლესობა შეეხებოდა მცირე დარღვევებს, როგორიცაა არასწორი დროის მითითება, თითოეული შემაჯამებელი ოქმის განხილვის გარეშე რთულია იმის დაზუსტებით თქმა, თუ რამდენი სერიოზული დარღვევა დაფიქსირდა სხვა შემთხვევებში.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) მიერ ჩატარებული ხმების პარალელური დათვლის მიხედვით (PVT), დაფიქსირდა დაუბალანსებელი შემაჯამებელი ოქმების მრავალი შემთხვევა, სადაც მიცემული ხმების რაოდენობა აჭარბებდა საარჩევნო უბანზე ამომრჩევლების ხელმოწერების რაოდენობას. ამ საარჩევნო უბნებიდან რამდენიმეში დისბალანსი გაცილებით აღემატებოდა წინა არჩევნებში დაფიქსირებულ აცდენას. სამართლიანი არჩევნების ხმების პარალელური დათვლის შედეგების მიხედვით, მსგავსი მასშტაბის დისბალანსი დაფიქსირდა საარჩევნო უბნების 8%-ზე, რასაც შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა კონკრეტული საარჩევნო სუბიექტების შედეგებზე. PVT ანალიზი აჩვენებს, რომ ამ ფაქტორის მაქსიმალური ზეგავლენა არჩევნების საბოლოო შედეგებზე არ აღემატება 4.1%-ს. სამართლიანი არჩევნების PVT შედეგები, ასევე, განსხვავდებოდა ქართული ოცნების წინასწარი შედეგებისგან 2.4%-ით“, – ნათქვამია შუალედურ ანგარიშში.

IRI-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, საერთაშორისო გამჭვირვალობამ, სამართლიანმა არჩევნებმა და მრავალეროვანმა საქართველომ – საჩივრების წარსადგენად გათვალისწინებულ ორ დღეში საუბნო საარჩევნო კომისიასთან მიმართებით 339 საჩივარი დაწერეს, რომლებშიც ითხოვდნენ ხმების გადათვლას ან/და შედეგების გაუქმებას. IRI აღნიშნავს, რომ მიუხედავად ამისა, გადათვლასა და შედეგების გაუქმებასთან დაკავშირებული მცდელობების უმეტესობა უშედეგო აღმოჩნდა.

ორგანიზაციის განცხადებით, გრძელვადიან პერსპექტივაში, საქართველოს ახალმა მთავრობამ უნდა იმუშაოს რეფორმებზე, რომლებიც არჩევნების გამჭირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფს.

„გარდა ამისა, 21 ნოემბერს ჩანიშნულ მეორე ტურამდე, კიდევ არის დრო იმისთვის, რომ გამოსწორდეს სანდო სადამკვირვებლო მისიების მიერ აღმოჩენილი დარღვევები“, – აცხადებს IRI.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]