weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სირცხვილის კორიდორი უნდა მოვუწყოთ მოხელეებს, რომლებმაც გააყალბეს არჩევნები – ბეჟაშვილი

17:43 ორშაბათი, 16 ნოემბერი 2020

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, 21 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დღეს, „სირცხვილის კორიდორი“ არა ამომრჩევლისთვის, არამედ იმ ადამიანებისთვის ეწყობა, რომლებიც არჩევნების გაყალბებაში იყვნენ ჩართული.

„სირცხვილის კორიდორი უნდა მოვუწყოთ იმ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებს, რომლებმაც გააყალბეს არჩევნები, ჩვენ პატივს ვცემთ ამომრჩეველს, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა. სირცხვილის კორიდორი უნდა მოვუწყოთ იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული ზეწოლებში, ყურით მოჰყავდათ ამომრჩეველი და ძალით ახაზინებდნენ. მოქალაქეების მიმართ ეს არ მოხდება, ჩვენ პატივს ვცემთ ამომრჩევლის ნებას“, – თქვა ბეჟაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

კითხვაზე, როგორ გაარჩევენ გაყალბებაში ჩართულ ადამიანებს რიგითი ამომრჩევლისგან, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ იყო გაყალბების პროცესში ჩართული.

„თითოეულ სოფელში, თითოეულ უბანში, ყველამ კარგად ვიცით, ვინ იყო ჩართული გაყალბების პროცესში: იქნებოდა ეს სოფლის რწმუნებული, გამგეობის თანამშრომელი, ის ადამიანები, რომლებიც საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან ზეწოლას ახდენდნენ მასწავლებლებზე, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები“, – აღნიშნა ბეჟაშვილმა.

გუშინ, 15 ნოემბერს ბათუმში გამართულ აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლევან ვარშალომიძემ მხარდამჭერებს მოუწოდა, 21 ნოემბერს საარჩევნო უბნებთან სირცხვილის კორiდორი მოაწყონ.

„ვნახოთ, რამდენი მომხრე ჰყავს „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა ვარშალომიძემ.

ვარშალომიძის ამ იდეას მისი თანაპარტიელები არ იზიარებენ. სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც სხვის ამომრჩეველს პატივს არ სცემენ, ნდობას ვერ დაიმსახურებენ.

„არ ვიცი იდეა მოქალაქეებისთვის მეორე ტურზე სირცხვილის დერეფნების მოწყობის ვის ეკუთვნის. მხოლოდ ვიცი, რომ ის პოლიტიკოსები, ვინც სხვის ამომრჩეველს იმდენივე პატივს არ სცემენ, რამდენსაც საკუთარს, ვერავის ნდობას ვერ დაიმსახურებენ“, – დაწერა სალომე სამადაშვილმა სოციალურ ქსელში.

ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ სრულიად ეთანხმება ყველას, ვისაც „სირცხვილის დერეფნები“ არ მოსწონს.

„სირცხვილის დერეფნები გაკეთებული ჰქონდათ ე.წ. კრიმინალურ ელემენტებს და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს. ყველას იწერდნენ, ატერორებდნენ... ჩვენ ამ არჩევნების მეორე ტურში არ გავდივართ. „ოცნების“ კანდიდატებს გადაწყვეტილი აქვთ, ისევ შეაწუხონ ხალხი, იძალადონ, მიიყვანონ. მეორე ტურები არ არსებობს - ეს უნდა გავითავისოთ!!! „ოცნების ამომრჩეველს“ კი უნდა ვესაუბროთ ბევრი, რომ არჩევნები მათაც მოპარეს და რატომ არის ბიძინა დიდი კატასტროფა ქვეყნისთვის“, – ამბობს ხატია დეკანოიძე.

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს დავით უსუფაშვილს მიაჩნია, რომ „სირცხვილის დერეფანი“ საარჩევნო უბნებთან სახელმწიფოებრივი უკულტურობის ახალი ნიშნული იქნება.

„არჩევნების დღე მოქალაქის დღეა, მათ შორის, იმ მოქალაქისაც, რომელიც ჩემი აზრით, მცდარ ნაბიჯს დგამს“, – აცხადებს უსუფაშვილი.

არჩევნების მეორე ტური 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართება. როგორც ცნობილია, ოპოზიციონერი კანდიდატები მასში მონაწილეობას არ მიიღებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]