weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რა განცხადებები გააკეთეს გახარიამ და პომპეომ დღევანდელ შეხვედრაზე

12:51 ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2020
აშშ-ის საელჩოს ფოტო აშშ-ის საელჩოს ფოტო

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შორის თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციაში, შეხვედრა შედგა. ქართული მხარის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

გიორგი გახარიას შეფასებით, სახელმწიფო მდივნის ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცეს და ორი ქვეყნის მზაობას, გააძლიერონ თანამშრომლობა საერთო ღირებულებებზე დამყარებული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცების მიზნით.

გახარიამ პომპეოს მადლობა გადაუხადა ახალი კორონავირუსის დაძლევის საქმეში შეერთებული შტატების მხარდაჭერისთვის.

„კარგად მოგეხსენებათ, რომ ძალიან წარმატებული თანამშრომლობა გვაკავშირებს ლუგარის ლაბორატორიის სახით, რომელიც მეტად საკვანძო ასპექტია ახალ კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში.

უპირველეს ყოვლისა, ხაზი მინდა გავუსვა, რომ

ნამდვილად ვაფასებთ შეერთებული შტატების ხალხისა და მთავრობის უწყვეტ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. კარგად იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის, რომლის ტერიტორიები ოკუპირებულია, რადგან საოკუპაციო ძალები კვლავ არიან განთავსებული ჩვენს მიწაზე.

ჩვენ ვიცით, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა უპირველეს ყოვლისა ეფუძნება ფასეულობებს - თავისუფლებას, დემოკრატიას და რა თქმა უნდა, საერთო გეოსტრატეგიულ ინტერესებს. რეგიონისთვის ამ ძალიან ცვალებად დროში ვაცნობიერებთ, რომ ეს საკითხებია განსახილველი. ძალიან კარგი შესაძლებლობა გვეძლევა მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკისა და დემოკრატიის კონსოლიდაციის საკითხებზე თანამშრომლობის გასაღრმავებლად. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ნამდვილად ვგრძნობთ, რომ ჩვენი თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაძლიერების, ასევე ამ რეგიონში შეერთებული შტატების გაძლიერებული წარმომადგენლობის მომენტი დადგა“, – მიმართა გიორგი გახარიამ მაიკ პომპეოს.

სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძალიან მიხარია, რომ აქ ვიმყოფები. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იქნება განსახილველი და ყველა თქვენს მიერ ჩამოთვლილი ასპექტი შესაბამისად მოვინიშნეთ. მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველო, იმყოფება ჩინეთიდან მომდინარე ვირუსის გამოწვევის წინაშე. მას ერთად გავუმკლავდებით, ჩვენს ხალხს გავუფრთხილდებით და ეკონომიკას ავამუშავებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ქვეყნის, რეგიონისა და მსოფლიოს კეთილდღეობისთვის.

ჩვენ შესანიშნავი მეგობრები ვართ უკვე 30 წელია. მხარს გიჭერთ დემოკრატიულ საკითხებში და ერთად ვმუშაობთ იმ საკითხებზე, რომლებიც თქვენი ქვეყნის ოკუპაციიდან მომდინარე ტკივილსა და სირთულეს უკავშირდება.

ყველაფერს გავაკეთებთ მომავალშიც თქვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესის მხარდასაჭერად, ინსტიტუტების გასაძლიერებლად, რაც მნიშვნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის და ყოველივე იმისთვის, რაც მომდინარეობს ჯანსაღი დისკუსიიდან და დემოკრატიიდან“, – აღნიშნა მაიკ პომპეომ.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განმტკიცებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართულებებით.

შეხვედრას აშშ-ის მხრიდან - სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ რიკერი, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, გენშტაბის ხელმძღვანელის თანაშემწე რიკი ვადელი და სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი მერი კისსელი, ხოლო საქართველოს მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი დაესწრნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]