weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოში პოლიტიკური აქტორები უნდა გამოვიდნენ ჩიხიდან – ეუთოს ასამბლეა

15:49 ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2020

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ლიდერები კიდევ ერთხელ ეხმაურებიან 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას და აცხადებენ, რომ პოლიტიკური აქტორები უნდა გამოვიდნენ ჩიხიდან და მონაწილეობა მიიღონ ახალი პარლამენტის მუშაობაში.

ეუთოს პოლიტიკური საკითხებისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარისა და ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ლიდერების განცხადება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვებ-გვერდზე გუშინ, 17 ნოემბერს, გამოქვეყნდა.

მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის სპეციალურმა კოორდინატორმა, ელონა ჯებრეა ჰოჯამ განაცხადა, რომ კოვიდ-19-ის პანდემიის შედეგად შექმნილი სერიოზული გამოწვევების მიუხედავად, 31 ოქტომბერს საქართველოს ორ მილიონამდე მოქალაქე მივიდა საარჩევნო უბნებზე. მისივე თქმით, 2012 წლის არჩევნების შემდეგ ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა, რაც მოწმობს ამ არჩევნების მნიშვნელობასა და დემოკრატიისადმი ყველა ქართველის ეთგულებაზე.

ჰოჯამ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვის პროცესის ინკლუზიურობა უზრუნველყოფილი იყოს.

„ასეთი პროცესი მნიშვნელოვანია ბოლო წლებში განვითარებული საარჩევნო პროცესებისადმი ქართველი ამომრჩევლების ნდობის შესანარჩუნებლად. ახლა, როდესაც ეს პროცესი დასრულებულია, ყველა არჩეულმა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა მიიღოს თავისი მანდატი, შევიდეს პარლამენტში და გააგრძელოს მუშაობა ინსტიტუტების ფარგლებში“, – თქვა ელონა ჯებრეა   ჰოჯამ.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელის, ფინელი პარლამენტარის, პია კაუმას თქმით, 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების დროს ზოგადი ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო.

„დამკვირვებლებმა დაადგინეს, რომ საქართველომ საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით ჩატარებული ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ საკუთარი დემოკრატიის განვითარებისთვის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის, საპარლამენტო მმართველობის მოდელის გაუმჯობესებისა და ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაწყების მიზნით მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები განახორციელა“, – განაცხადა პია კაუმამ.

მან დაინტერესებულ მხარეებს მოუწოდა, გადალახონ დღესარსებული პოლარიზაცია და ერთად იმუშაონ სტაბილური პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად.

„ამ მომენტისთვის არსებულ პოლიტიკურ ჩიხში ჩართულმა მხარეებმა უნდა იპოვონ მისი გადალახვის გზა“, – განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური საკითხებისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ამერიკელმა კონგრესმენმა რიჩარდ ჰადსონმა – „ამ ამოცანის სირთულე აშკარაა, თუმცა პოზიტიური შედეგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის“.

ჰადსონმა დაამატა, რომ რომ საქართველოს შეუძლია, კვლავ ჰქონდეს თავისი პარტნიორების მხარდაჭერის იმედი, მათ შორის მათი, ვინც ადგილზე შესანიშნავ სამუშაოს ასრულებს შეთანხმების მიღწევაში, მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ შექმნილი ვითარების მოგვარება, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა და საარჩევნო პროცესისადმი ნდობის აღდგენა თავად ქართველებზეა დამოკიდებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]