ივანიშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„მე კიდევ ერთჯერ მინდა ქართველ ხალხს მადლობა გადავულოცო იმ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის, რომელიც მათ გამოიჩინეს 31 ოქტომბერს და დღესაც, ამ რთულ პერიოდში. მოგეხსენებათ, კოვიდი ბობოქრობს და მაქსიმალური მობილიზაცია გამოავლინა ქართულმა საზოგადოებამ, რისთვისაც კიდევ ერთჯერ მინდა მადლობა გადავუხადო.
ამავდროულად, შეგახსნებეთ, რომ ყველა ქვეყანამ, დემოკრატიულმა საზოგადოებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნები ჩატარებული იყო კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში. შედეგად მივიღეთ 9 პარტიის წარმომადგენლობა პარლამენტში, რაც მისასალმებელია. იცით, რომ
ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ზედმეტად ემოციურად, გადაჭარბებულად ამბიციურად პოზიციებს აფიქსირებს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საღი აზრი აჯობებს და მივიღებთ ჭეშმარიტად მრავალპარტიულ, წარმომადგენლობით პარლამენტს“.
კითხვას, აქვს თუ არა იმედი, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევა, მან უპასუხა: „დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება“.
საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური ქვეყნის მასშტაბით 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მეათე მოწვევის პარლამენტი არალეგიტიმურია, რადგან პირველი ტურის შედეგები გაყალბდა და ცესკოს მიერ დათვლილი შედეგები არ ასახავს ამომრჩევლის ნებას.