weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ოპოზიციას გაუჭირდა 50 000-ზე მეტი ხმის მობილიზება – კობახიძე

21:58 შაბათი, 21 ნოემბერი 2020

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირკალი კობახიძის მტკიცებით, საჯაროდ გამოცხადებული ბოიკოტის მიუხედავად, ოპოზიციური პარტიები არჩევნების მეორე ტურისთვის მუშაობდნენ, თუმცა 50 ათასზე მეტი ხმის მობილიზება გაუჭირდათ.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას კენჭისყრის წინასწარი შედეგები ჯერ არ გამოუქვეყნებია და უცნობია, რაზე დაყრდნობით დაასახელა კობახიძემ ოპოზიციის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა.

„ოპოზიციურმა კანდიდატებმა აიღეს 50 000 ხმა. მიუხედავად იმისა, რომ მათ საჯაროდ ჰქონდათ გაცხადებული არჩევნებში არ მონაწილეობის თაობაზე, ისინი აქტიურობდნენ და მუშაობდნენ, თუმცა გაუჭირდათ 50 000-ზე მეტი ხმის მობილიზება“, – თქვა კობახიძემ პარლამენტის არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დასრულების შემდეგ.

ჟურნალისტის კითხვაზე – უქმნის თუ არა „ქართულ ოცნებას“ უხერხულობას და დემოკრატიის მხრივაც არის თუ არა პრობლემა ის, რომ არჩევნებში ოპოზიცია არ მონაწილეობდა, კობახიძემ განაცხადა:

„როდესაც ზედიზედ მეორე არჩევნებში გაყალბების საბაბით (არა საფუძვლით, არამედ საბაბით) ოპოზიცია უარს ამბობს მეორე ტურში მონაწილეობაზე, ეს უქმნის უხერხულობას და პრობლემას საქართველოს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თვალში. იმედია, სამომავლოდ ამას გაითვალისწინებს ოპოზიცია და უხერხულობას აღარ შეუქმნის ჩვენს ქვეყანას“.

საქართველოს 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კენჭისყრის პროცესი დასრულდა და საარჩევნო უბნები დაიხურა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის 20:00 საათის მონაცემებით, დღეს, ხმის მისაცემად ამომრჩეველთა მხოლოდ 26.29% მივიდა, რაც 562 664 ამომრჩეველია. მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 140 210 იყო.

არჩევნები ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე ჩატარდა. 31 ოქტომბრის არჩევნებს არ აღიარებენ და არც მეორე ტურში მონაწილებდნენ ოპოზიციური პარტიები, მათ შორის ის 9 პარტია და ბლოკიც, რომლებმაც, ცესკოს მონაცემებით, შეძლეს 1%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვა. 3 ნოემბერს პარტიებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რითიც კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ არ ცნობენ არჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობას და უარს ამბობენ მანდატებზე. ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის მოლაპარაკებები 12 ნოემბრიდან, აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების, კელი დეგნანისა და კარლ ჰარცელის შუამავლობით მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]