weather cur horoscope tv
ნოემბერი 03, 2024

ლაგოდეხის უბანზე რამდენიმე ადამიანმა რამდენჯერმე მიიღო მონაწილეობა არჩევნებში – ISFED

11:51 კვირა, 22 ნოემბერი 2020

სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, ლაგოდეხის 22-ე საარჩევნო უბანზე ერთი და იგივე ამომრჩევლების მიერ ხმის რამდენჯერმე მიცემის ფაქტი დაფიქსირდა. ISFED-ის დირექტორის, ელენე ნიჟარაძის განცხადებით, ე.წ. კარუსელის მონაწილეები უბანზე კომისიის წევრებს შეჰყავდათ.

თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მე-10 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტურის დროს გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით ელენე ნიჟარაძემ პანკისის სათემო რადიოსთან ინტერვიუში ისაუბრა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ლაგოდეხის 22-ე უბანზე დაფიქსირებული ფაქტი - ე.წ. კარუსელი, როდესაც რამდენიმე ადამიანმა რამდენჯერმე მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, რაც სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს. ეს არის ორგანიზებული დანაშაული, რადგან ცალკე ამომრჩეველი ამას ვერ გააკეთებს. როგორც წესი, ეს შეთანხმებულია ხოლმე საარჩევნო კომისიასთან. 

ამ შემთხვევაში ჩვენმა დამკვირვებელმა დააფიქსირა, რომ ეს ამომრჩევლები უბანზე შეჰყავდათ კომისიის წევრებს. როდესაც დამკვირვებელი უბანზე, შიგნით შევიდა, აღმოჩნდა, რომ ნაკადის მარეგულირებელი საერთოდ არ ამოწმებდა მარკირებას. ასეთი დარღვევა აჩენს სერიოზულ კითხვის ნიშნებს, რომ ეს მხოლოდ ერთ უბანზე არ განხორციელდებოდა. 

მით უმეტეს, მსგავსი დარღვევა პარტნიორი ორგანიზაციის მიერ იქნა გამოვლენილი პირველ ტურში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ, სამწუხაროდ, ამ არჩევნებს ახასიათებდა ისეთი მძიმე სახის დარღვევა, როგორიც არის კარუსელი, რაც ცალსახად ძალიან უკან გადადგმული ნაბიჯია არჩევნების ჩატარების კუთხით“, – განაცხადა ელენე ნიჟარაძემ.

ISFED-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მეათე ოლქში შემავალ ოთხივე მუნიციპალიტეტში ადგილი ჰქონდა „ქართული ოცნების“ კოორდინატორების მობილიზებას, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტური არაკონკურენტულ გარემოში, ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე ჩატარდა. 

„მმართველმა პარტიამ მაინც გამოიყენა ეს მექანიზმი - როდესაც პარტიული აქტივისტები, კოორდინატორები არიან უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე და აკონტროლებენ ამომრჩევლის გამოცხადებას. 

ჩვენ არაერთხელ შევაფასეთ ეს როგორც მიუღებელი პრაქტიკა, ამომრჩეველზე ზეწოლის განხორცილება. ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ ძალიან ნათლად აჩვენა, რომ ასეთ არაკონკურენტულ გარემოში რომ იყენებენ ამ მექანიზმს, კიდევ უფრო მეტად ხდება მისი გამოყენება და გავლენა არჩევნებზე, როდესაც არის კონკურენცია. 

სხვა მაჟორიტარულ ოლქებში ადგილი ჰქონდა ჩვენი დამკვირვბლის მიმართ აგრესიულ დამოკიდებულებას, რაც პრობლემას წარმოადგენდა პირველ ტურზე. მეორე ტურში გამოიკვეთა ყველა ის პრობლემა, რაც დაფიქსირებული იყო პირველ ტურზე და ეს კიდევ უფრო მეტად ამძიმებს ამ არჩევნების შეფასებას. ეს არჩევნები ნამდვილად პრობლემატური და ნამდვილად უკან გადდგმული ნაბიჯი ყველა თვალსაზრისით“, – ამბობს ელენე ნიჟარაძე.

ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი დარბაისძის განცხადებით, 22-ე უბანზე ერთი და იგივე ამომრჩევლების მიერ რამდენჯერმე ხმის მიცემასთან დაკავშრებით „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა, რომელსაც, სავარაუდოდ, ხვალ განიხილავენ. დარბაიძის თქმით, საუბნო კომისიის წევრები ე.წ. კარუსელის ფაქტებს არ ადასტურებენ. მათ მიერ დაწერილი ახსნა-განმარტებების განხილვაც სავარაუდოდ ხვალ მოხდება.

მეათე ოლქში, ისევე როგორც დანარჩენ 16-ში, პარლამენტის არჩევნების მეორე ტური ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცმებებით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა 44 616 ხმა (88.83%) მიიღო, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გიორგი ბოტკოველმა – 5608 ხმა (11.17%). მაჟორიტარულ ოლქში სულ 153 576 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

 

ამ თემაზე:

ლაგოდეხის უბანზე რამდენიმე ადამიანმა რამდენჯერმე მიიღო მონაწილეობა არჩევნებში – ISFED

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]