weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სოფიო კილაძე გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტის წევრად აირჩიეს

10:08 ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2020

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე, ოთხი წლის ვადით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) ბავშვის უფლებების კომიტეტის წევრად აირჩიეს.

კილაძის არჩევის შესახებ ინფორმაცია გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, კახა იმნაძემ Twitter-ზე გაავრცელა და მადლობა გადაუხადა გაეროს ყველა წევრ ქვეყანას, რომელმაც საქართველოს მიერ წარდგენილ კანდიდატს მხარი დაუჭირა.

საქართველოს მთავრობამ გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტის წევრობის კანდიდატად სოფიო კილაძე მიმდინარე წლის ივნისში წარადგინა, რამაც საქართველოში ადამიანის უფლებებზე მომუშავე 52 არასამთავრობო ორგანიზაციის პროტესტი გამოიწვია. ორგანიზაციებმა გაეროს კომიტეტს მიმართეს და მოუწოდეს, რომ სოფიო კილაძის არჩევა არ დაეშვათ.

52 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ კომიტეტის წევრობის კანდიდატად სოფიო კილაძე საზოგადოებისაგან ფარულად შეარჩია. განცხადების ხელმომწერებს მიაჩნიათ, რომ კილაძის არც კვალიფიკაცია, არც რეპუტაცია და ადამიანის უფლებების რწმენა არ იძლევა მისი შერჩევის ლეგიტიმაციას.

„მიუხედავად იმისა, რომ სოფიო კილაძე არის ერთ-ერთი ავტორი ორი საკანონმდებლო ინიციატივის, ბავშვის უფლებების კოდექსისა და სოციალური მუშაობის შესახებ კანონის, მას არ აქვს მაღალი ექსპერტული ცოდნა ბავშვის უფლებების დაცვის სფეროში. სოფიო კილაძის წარსული გამოცდილება არ ფარავს ბავშვთა უფლებების სფეროს, მას არ აქვს აკადემიური ან სხვა სახის სამეცნიერო სამუშაოები ჩატარებული ამ მიმართულებით, რაც დაადასტურებდა მის საექსპერტო და უფლებადაცვით გამოცდილებას, რომელიც ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მოეთხოვება კომიტეტის წევრობის კანდიდატს.

სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი კანდიდატი გამოირჩევა სამოქალაქო სექტორთან ღია და ცხადი დაპირისპირებით. ის სიტყვიერად თავს ესხმის უფლებადამცველებს, შედის კონფრონტაციაში ადამიანის უფლებათა აქტივისტებთან, გამოირჩევა ჰომოფობიური და სხვაგვარი დისკრიმინაციული განწყობებით. სოფიო კილაძეს აქვს მილიტარისტული მოტივები ბავშვებთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ სახელმწიფომ ბავშვებში უნდა ჩადოს ინვესტიცია რომ გახდნენ ჯარისკაცები და ემსახურონ ქვეყნის სამხედრო ძალებს.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მისი უარყოფითი დამოკიდებულება ლგბტქ თემის მიმართ. აღნიშნული ფაქტები აღწერილია სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების განცხადებებში და ფართოდ არის გაშუქებული არაერთი მედია საშუალების მიერ. აღნიშნულის გამო საზოგადოებამ არაერთ პროტესტის ფორმას მიმართა“, – ნათქვამი იყო არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვაში.

საპასუხოდ კილაძემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას კანდიდატად მისი წარდგენის დროს პროცედურები არ დაურღვევია. მან არასამთავრობო ორგანიზაციები ტყუილში დაადანაშაულა.

„როცა ენჯეოების გარკვეული ჯგუფი გებრძვის, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ სწორ გზაზე დგახარ. ამიტომ გავაგრძელებ სწორი გზით სიარულს და იმ ბავშვების უფლებების დაცვას, რომლებსაც ჩვენ ყველაზე მეტად ვაფასებთ“, – განაცხადა სოფიო კილაძემ.

ბავშვის უფლებთა კომიტეტი (CRC) 18 დამოუკიდებელი ექსპერტისგან შემდგარი ორგანოა, რომელიც ზედამხედველობს ბავშვის უფლებათა კონვენციის დაცვას მისი ხელმომწერი სახელმწიფოების მიერ. კომიტეტის ცხრა წევრი გუშინ, 24 ნოემბერს აირჩიეს. ისინი კომიტეტის იმ წევრებს შეცვლიან, ვისაც უფლებამოსილების ვადა 2021 წლის 28 თებერვალს ეწურებათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]