weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბოიკოტის რეჟიმში მყოფმა 8 პარტიამ საბიუჯეტო დაფინანსებაზე თანხმობა განაცხადა

13:29 ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2020

ცხრა პოლიტიკურმა პარტიამ საბიუჯეტო დაფინანსების მიღებაზე თანხმობა განაცხადა. მათ შორის ის პარტიებიც არიან, რომლებიც 2020 წლის პარლამენტის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილი შედეგებიდან გამომდინარე, დაფინანსების მიღების უფლება 14 პარტიას აქვს. აქედან შესაბამისი წერილით თანხმობა განაცხადეს შემდეგმა პარტიებმა: „ქართულმა ოცნებამ“, „ევროპულმა საქართველომ“, ბლოკში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია “ გაერთიანებულმა ხუთმა პარტიამ – „ნაციონალური მოძრაობა“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „პროგრესი და თავისუფლება“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ და „ევროპელი დემოკრატები“, ბლოკში „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ გაერთიანებულმა ორმა პარტიამ – „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ და „კანონი და სამართალი“.

დაფინანსების მიღებაზე თანხმობა არ უთქვამთ ბარიერგადალახულ შემდეგ პარტიებს: „ლელო“, „გირჩი“, „მოქალაქეები“, „პატრიოტთა ალიანსი“, „ლეიბორისტულ პარტია“.

„საპარლამენტო ბოიკოტის პირობებში, როდესაც ერთი მხრივ არ აღიარებ გაყალბებული არჩევნების შედეგებს და მეორე მხრივ, ამ არჩევნებზე მიღებული ხმების შესაბამისად იღებ საბიუჯეტო დაფინანსებას, ჩვენი აზრით, ეს ბოიკოტთან შეუთავსებელია“, – განაცხადა „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.

 „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, გადასახადის გადამხდელთა ეს თანხა პარტიას ოფისების რაღაც რაოდენობის შესანარჩუნებლად და „ივანიშვილის რეჟიმისთვის“ წინააღმდეგობის დასაორგანიზებლად სჭირდება. მისივე თქმით, საბიუჯეტო დაფინანსების მიღებაზე თანხმობა 2020 წლის პარლამენტის არჩევნების შედეგების აღიარებას არ ნიშნავს.

„აღიარება იქნებოდა პარლამენტში შესვლა და საპარლამენტო პრივილეგიებისა და დაფინანსების მიღება, რასაც „ევროპული საქართველო“, სხვა ყველა ოპოზციურ პარტიებთან ერთად, არ გააკეთებს“, – აღნიშნა კანდელაკმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, პარტიების დაფინანსების ერთადერთი წყარო, განსაკუთრებით არასაარჩევნო პერიოდში, საბიუჯეტო დაფინანსებაა.

„მას შემდეგ, რაც საქართველოში შემოვიდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების თემა, პარტიები ვალდებულები არიან, ყოველ წელს, 25 ნოემბრამდე განახორციელონ მიმართვა შესაბამის უწყებებში, რომ ისინი მოთხოვნას ახორციელებენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ყველა ბიზნესმენს ეკრძალება ოპოზიციასთან და განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ურთიერთობა. მე პატივს ვცემ ყველა პარტიის ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას“, – აცხადებს ზურაბ მელიქიშვილი.

პოლიტიკურ პარტიებს დაფინანსების მისაღებად ცესკოში თანხმობის წერილის წარდგენის ვადა 25 ნოემბრამდე ჰქონდათ. კანონის თანახმად, თუ პარტიამ კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა წერილობითი თანხმობა მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსების მიღების თაობაზე, ამ ვადის გასვლიდან მეორე დღეს სახელმწიფო აუდიტის სამსახური წერილობით აცნობებს პარტიას ამის შესახებ. პარტიას უფლება აქვს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წერილობითი გაფრთხილების მიღებიდან 3 დღის ვადაში წარადგინოს შესაბამისი თანხმობა. თუ პარტიამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დადგენილ ვადაში კვლავ არ წარადგინა შესაბამისი თანხმობა, იგი კარგავს მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]