weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

Covid 19-ის გამო უსამსახუროდ დარჩენილები იანვრიდან 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ

15:32 ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2020

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ყველა ადამიანი, რომელმაც კორონავირუსის პანდემიით შექმნილი კრიზისის გამო სამსახური დაკარგა, იანვრიდან ექვსი თვის განმავლობაში ყოველთვე სახელმწიფოსგან 200-ლარიან დახმარებას მიიღებს.

„პირველი ტალღის პირობებში ამ დახმარებით ისარგებლა 125 000-მა ადამიანმა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამჯერადაც დაახლოებით იგივე რიცხვი იქნება. გარდა ამისა, ჩვენ გვყავს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საკმაოდ დიდი რაოდენობა, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა. ეს მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია დღევანდელი და მსგავსი კრიზისების პირობებში, რომელიც ეხება არაფორმალურად დასაქმებულთა ან მოკლევადიანი შემოსავლების მქონე პირთა შემოსავლის დაკარგვის რისკს, ამ პროგრამას ვაახლებთ და 65 000-დან 100 000-მდე სოციალური ქულის ყველა ოჯახს 6 თვის განმავლობაში, სახელმწიფოს მხრიდან დახმარების სახით ექნება 100 ლარი, ისევე, როგორც ეს იყო პირველი ტალღის დროს. მაშინ ამ პროგრამით ისარგებლა 72 ათასმა ოჯახმა.

გარდა ამისა, დამატებით 0-დან 100 000 ქულამდე მქონე ოჯახები, ვისაც ჰყავთ 3 ან მეტი არასრულწლოვანი, 16 წლამდე შვილი, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად სახელმწიფოსგან მიიღებენ 100 ლარის ოდენობის დახმარებას. გარდა ამისა, 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის 100-ლარიანი დახმარება გაგრძელდება 6 თვის განმავლობაში. ეს დაფარავს 43 ათას ადამიანს“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერის თქმით, სესხების გადავადება იმ ობიექტებისთვის, რომლებსაც შეზღუდვები შეეხება, სახელმწიფოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იქნება და თითოეულ ინდმეწარმეს და ფიზიკურ პირს, რომელსაც ასეთი დახმარება დასჭირდება, სახელმწიფო დაეხმარება.

„საკმაოდ მძიმე 2021 წელი გველოდება და შესაბამისად, ეკონომიკური კრიზისის ეფექტი გადანაწილებულია ფაქტობრივად ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქესა და სოციალური ჯგუფების უმრავლესობაზე. ამიტომ, ჩვენ ვადასტურებთ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ 4 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი აირის, დაიფარება“, – აღნიშნა გახარიამ.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით საქართველოში რიგი შეზღუდვები იმოქმედებს. მათ შორის, მთელი ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იზღუდება გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის და შობის ღამე. ასევე იზღუდება მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის – რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) ეს შეზღუდვა არ ვრცელდება; რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე. დიდ ქალაქებში იხურება სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა). სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე.

შეზღუდვები 24 დეკემბრის და 2 იანვრის შუალედში შემსუბუქდება, როდესაც ქვეყნის მასშტაბით ამუშავდება სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები, აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე – საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.

პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე, საქართველოში კორონავირუსი ჯამში 118 690 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან უკვე გამოჯანმრთელდა 98 781, ხოლო გარდაიცვალა – 1124. ბოლო 24 საათის განმავლობაში დაფიქსირებულია ინფიცირების 3801, გამოჯანმრთელების 3200 და გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]