weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კარასინი-აბაშიძის შეხვედრაზე პირდაპირი ავიამიმოსვლის საკითხი განიხილეს

13:26 შაბათი, 28 ნოემბერი 2020
არქივის ფოტო არქივის ფოტო

27 ნოემბერს ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრის გრიგორი კარასინის შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა.

მხარეების მიერ გავრცელებულ განცხადებების მიხედვით, შეხვედრაზე განსახილველი ერთ-ერთი საკითხი საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა იყო. 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადებით, სატრანსპორტო კავშირებზე საუბრისას, რუსული მხრიდან აღინიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების კონტექსტში შესაძლებელი იქნება საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხის განხილვა, თუმცა, ამ ეტაპზე რუსეთის მხარეს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი, ავიამიმოსვლის აღდგენისთვის კოვიდ-19-თან დაკავშირებული მდგომარეობის ნორმალიზების გარდა, კიდევ ორი პირობა არსებობს.

„შევეხეთ ორ ქვეყანას შორის საჰაერო კომუნიკაციის აღდგენის პერსპექტივებს, იმის გათვალისწინებით, რომ გასული წლის ივლისში საქართველოში მგზავრთა საჰაერო გადაყვანაზე დროებით აკრძალვა იქნა შემოღებული. ამის პირობები კარგად არის ცნობილი: საქართველოში ანტირუსული მანიფესტაციების დასრულება და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების საფრთხეების გაქრობა. გარდა ამისა, COVID-19 პანდემიით გამოწვეული სანიტარული და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ნორმალიზებული უნდა იყოს ორივე ქვეყანაში“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რუსული მხარის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობს რიგ საკითხებზე გაცვალეს აზრი. დადასტურდა ორმხრივი განწყობა „2019 წლის ზაფხულში ქართველი ნაციონალისტების მიერ მოწყობილი ცნობილი ანტირულული პროვკაციის უარყოფითი შედეგების დასაძლევად“. 

„ველით, რომ რუსოფობიული რიტორიკა, რომელიც რადიკალურმა წრეებმა აქტიურად გამოიყენეს წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში, წარსულში დარჩება, ხოლო საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალები გამოიყენებენ ამომრჩევლისგან მიღებულ ნდობის მანდატს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის გაგრძელების ხელშეწყობისთვის“, – აცხადებს რუსული მხარე.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ ფორმატში მორიგი შეხვედრა პრაღაში, 2021 წლის პირველ კვარტალში შედგება, თუ სანიტარული და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ამის საშუალებას მისცემთ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]