weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პროკურატურის მოთხოვნით კარტოგრაფების საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2 თვით გადაიდო

23:41 ორშაბათი, 30 ნოემბერი 2020

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე წინასასამართლო სხდომა, სადაც მხარეებმა მტკიცებულებები უნდა წარადგინონ, პროკურატურის შუამდგომლობით ორი თვით გადადო, დაკავებულები – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა კი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. 

წინასასამართლო სხდომა 4 დეკემბერს იყო ჩანიშნული. მას შემდეგ, რაც პროკურატურამ მისი გადავადება მოითხოვა, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხი განიხილა. მოსამართლე ზვიად შარაძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა 214 პირის თავდების საფუძველზე ბრალდებულების გათავისუფლების თაობაზე. 

„მოსამართლეს ახალი არაფერი უთქვამს, მუხედავად იმისა, რომ ჩვენ წარვადგინეთ მტკიცებულება, რომელიც აბათილებს ყველანაირ ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა დანაშაული იყოს ჩადენილი. ეს არის იმ რუკების ექსპერტიზა, რომელთა არ გამოყენებასაც ედავებოდნენ ბრალდებულებს. ამ ექსპერტიზით დასტურდებოდა, რომ ეს რუკები არის სრულიად უვარგისი. 

ექსპერტიზა ჩატარებული იყო დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ, რომელსაც გეო-საინფორმაციო მიმართულებით საქმიანობის 21-წლიანი გამოცდილება აქვს. სამხარაულის ექსპერტიზისთვის პროკურატურას არ დაუსვამს ის კითხვები, რომელიც ჩვენ დავუსვით დამოუკიდებელ ექსპერტს, არ დაინტერესებულა იმით, იყო თუ არა ეს რუკები ვარგისი. ჩვენი დასკვნით სრულად ბათილდება ის არგუმენტი, რომ ეს რუკები შეიძლებოდა გამოყენებულიყო დელიმიტაციის პროცესში“, – თქვა ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.

ადვოკატის თქმით, სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ მიუხედავად მართლმსაჯულებისადმი მათი დამოკიდებულებისა. 

„ზოგადად, მსგავს საქმეებზე ძალიან დიდი გამბედაობაა საჭირო იმისთვის, რომ მოსამართლეებმა გამოიტანონ დაცვის მხარისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები. ამ გამბედაობის ნაკლებობაა ზოგადად მართლმსაჯულების სისტემაში და როგორც ჩანს ეს გამბედაობა არ აღმოჩნდა დღეს, საქმის განმხილველ მოსამართლეს“, – აღნიშნა ედუარდ მარიკაშვილმა.

საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე აცხადებს, რომ დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ექსპერტიზა შესაბამის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. როგორც მან განმარტა, დასკვნა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერის, გიგი უგულავას ძმამ მოამზადა.

„ეს თითქოსდა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაცვის მხარემ წარმოადგინა, არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი პირის მიერ შედგენილი, შინაარსობრივად და ყველა რეკვიზიტით ის არ არის და ვერც იქნება ექსპერტიზის დასკვნა. ეს დასკვნა ბრალდებულების ადვოკატებმა შეადგინეს, კვაზი ექსპერტიზის დასკვნაა, გიგი უგულავას ძმის, შინაარსობრივად ეს არ არის ექსპერტიზის დასკვნა, რადგანაც ექსპერტიზის დასკვნას აქვს შესაბამისი სტანდარტები. რა მეთოდები იქნა გამოყენებული, რა ლიტერატურა, ეს არ არის მითითებული. ეს შინაარსობრივად უნდა ყოფილიყო კარტოგრაფიული და ბუნებრივია, ამ დარგის სპეციალისტმა უნდა შეასრულოს“, – განაცხადა პროკურორმა და აღნიშნა, რომ საქმეზე უამრავი მტკიცებულება აქვთ მოპოვებული. 

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრები – საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს დააკავეს. მათ აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელება ედებათ ბრალად. 

პროკურატურის მტკიცებით, 2007 წლის ჩათვლით პერიოდში, შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს, სხვაობა საქართველოს საზიანოდ 3500-მდე ჰექტარ ფართობს შეადგენს. პროკურატურა აცხადებს, რომ მელაშვილსა და ილიჩოვას მთელი საქმიანობის პერიოდში გააჩნდათ 1937-1938 წლების რუკის დედანი, თუმცა კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა საზღვრების დელიმიტაციის პროცესში არ გამოეყენებინათ. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მელაშვილი და ილიჩოვა ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 28 იანვრისთვის ჩაინიშნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]