weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი გადაიდო

13:51 ხუთშაბათი, 10 დეკემბერი 2020
ფოტოზე - მოლაპარაკებების შუამავალი ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ფოტოზე - მოლაპარაკებების შუამავალი ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი

ოპოზიციურ პარტიებსა და „ქართულ ოცნებას“ შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი, რომელიც დღეს იყო დაგეგმილი, აღარ გაიმართება. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, მეოთხე რაუნდის შემდეგ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირკალი კობახიძის განცხადებამ მოლაპარაკებების პროცესი დააზიანა.

უდუმაშვილის თქმით, კობახიძის განცხადების შემდეგ ბუნებრივი იყო, რომ დღევანდელი შეხვედრა გადაიდებოდა.

„ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადების შემდეგ, რომელმაც, პრაქტიკულად, მოლაპარაკების მაგიდა ააყირავა თავისი შანტაჟისა და მუქარით ოპოზიცის მიმართ, ბუნებრივიც იყო, რომ ეს შეხვედრა გადაიდებოდა.

დღეს რაზე უნდა მივსულიყავით სალაპარაკოდ, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობა“, როდესაც „ქართული ოცნება“ პარტიისთვის რეგისტრაციის გაუქმებით გვემუქრება. რა მოლაპარაკებებზეა საუბარი“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი სერგო ჩიხლაძეც მიიჩნევს, რომ კობახიძისა და „ქართული ოცნების“ გუშინდელი განცხადების შემდეგ, მოლაპარაკებების გაგრძელება გაჭირდება.

„მიუხედავად ამისა, ოპოზიცია მზადაა, კვლავ გააგრძელოს მოლაპარაკება და ვიდრე რჩება უმცირესი რესურსი მოლაპარაკებისთვის, აუცილებლად მივალთ მოლაპარაკების რაუნდზე“, – აღნშნა სერგო ჩიხლაძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, მისი პარტია ხედავს რესურსს, რომ მოლაპარაკებების პროცესში „პრაქტიკულად ყველა პუნქტზე მიაღწიონ შეთანხმებას“.

გუშინ, მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდამდე, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა და „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გაახმოვანა. კობახიძის თქმით, პირველი შეკრებისთანავე, საპარლამენტო უმრავლესობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიცირებას მოახდენს. გარდა ამისა, „ქართული ოცნება“ დააანონსირებს კანონპროექტს, რომლის საფუძველზეც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს. კობახიძემ ასეთ ლიდერად ყოფილი პრეზიდენტი მიხელ სააკშვილი დაასახელა. „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი გადაწყვეტილებაა, კანონმდებლობაში ისეთი ცვლილების განხორციელება, რომლის შემდეგაც სახელმწიფო დაფინანსებას და სხვა შესაბამის პრივილეგიებს ვერ მიიღებენ პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან წარმოდგენილი.

როგორც ირაკლი კობახიძემ თქვა, საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო მანდატებს შეუწყვეტს ყველა იმ დეპუტატს, რომელიც პარლამენტს შესაბამისი განცხადებით მიმართავს.

ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა ხვალ, 11 დეკემბერს, 12:00 საათზეა დანიშნული. ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო შედეგებით, მეათე მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნება“ და 8 ოპოზიციური პარტია/ბლოკი შევიდა. 150 მანდატიდან 90 „ქართულ ოცნებას“ აქვს მოპოვებული, ხოლო დანარჩენი 60 გადანაწილებულია ოპოზიციას შორის.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა, რის გამოც მეათე მოწვევის პარლამენტი არალეგიტიმურია და ხელახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს. შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის, აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ოპოზიცია ხელახალი არჩევნების გარდა ითხოვს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, საარჩევნო სისტემის რეფორმას და საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]