Facebook-ზე პირდაპირი ჩართვის დროს ელისაშვილმა თქვა, რომ მოლაპარაკებების და „ისტორიული შეთანხმების“ ჩაშლას „ევროპული საქართველო“ ცდილობს.
„ოთხი მოთხოვნა მივიტანეთ, გადავეცით. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, მოთხოვნების 99%-ზე, რაც საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებით და საარჩევნო წესებთან დაკავშირებით მივიტანეთ, „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ ვეთანხმებითო. რიგგარეშე არჩევნებზე, ძირითადად „ქართული ოცნება“ ამბობდა, რომ არა, არ ვნიშნავთ - გახსოვთ ხომ „წითელი ხაზები“? ბოლო შეხვედრაზე „ქართული ოცნება“ მოვიდა, ამ პაკეტზე თქვა, რომ დასტურს გაძლევთო არჩევნებთან დაკავშირით, რაც ჩამოვწერეთ, ყველაზე. პოლიტპატიმრებზე ვერ ვილაპარაკებ, იმიტომ, რომ სერიოზული მსჯელობა იყო და ის ხალხი თუ მართლა გვინდა გამოვიდეს, ვერ ვილაპარაკებ.
მოკლედ, ბოლო შეხვედრაზე „ქართულმა ოცნებამ“ გვითხრა, რომ რიგგარეშე არჩევნებზეც თანახმა ვართო. ანუ ოთხი საკითხიდან ოთხივეზე თანახმა ვართო, ოღონდ გადავთვალოთ ნებისმიერი ფორმით და დაგვიდასტურეთ, რომ 1% მაინც გაყალბდაო. ხომ ხართ მაგარი ბიჭები და ხომ ამბობთ, რომ გაყალბდა არჩევნებიო, დაგვიდასტურეთო, ხელს რა გიშლითო, როგორც გინდათ, ისე დაგვიდასტურეთო.
ჩვენ ვუთხარით, რომ ცესკოს მონაცემებით ვერ გადავთვლიდით, რადგან იქ სუს-მა გადაწერა, გადახატა და გადააფერადა ის ყველაფერი. მათ გვითხრეს, კი ბატონო, არ ენდობით და ნუ ენდობითო, რასაც ენდობით, ის მოგვიტანეთო. ამაზე მეტი რა უნდა თქვან?! გულზე ხელი დავიდოთ, რა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ოპოზიციურ პარტიებსა და „ქართულ ოცნებას“ შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი, რომელიც დღეს იყო დაგეგმილი, აღარ გაიმართება. გუშინ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა და „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გაახმოვანა. კობახიძის თქმით, პირველი შეკრებისთანავე, საპარლამენტო უმრავლესობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიცირებას მოახდენს. გარდა ამისა, „ქართული ოცნება“ დააინიცირებს ისეთ კანონპროექტს, რომლის საფუძველზეც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს. კობახიძემ ასეთ ლიდერად ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკშვილი დაასახელა. „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი გადაწყვეტილებაა, კანონმდებლობაში ისეთი ცვლილების განხორციელება, რომლის შემდეგაც სახელმწიფო დაფინანსებას და სხვა შესაბამის პრივილეგიებს ვერ მიიღებენ პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან წარმოდგენილი.