„დიალოგს გავაგრძელებთ, რათა ვადამდელი არჩევნების თაობაზე შევთანხმდეთ იმიტომ, რომ ჩვენ უნდა განვმუხტოთ პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში და კრიზისი მხოლოდ იმ შემთხვევაში განიმუხტება, თუ შევჯერდებით ვადამდელ არჩევნებსა და ახალ ადმინისტრაციაზე, რომლის კონტროლითაც ის ჩატარდება“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
„ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ დღეს პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, ოფიციალურად უარი თქვას იმ მანდატებზე, რომელიც გაყალბებული არჩევნების შედეგად მიანიჭეს. ხაზარაძის თქმით, ერთპარტიული პარლამენტი ქვეყნის დემოკრატიისთვის ცუდია, „თუმცა სხვა გამოსავალი არ არის იმისთვის, რომ გადავიდეთ ახალ ეტაპზე და ახალი დემოკრატიის მშენებლობაზე.
„სამწუხაროდ, მოგვიწია ამ ნაბიჯის ოფიციალურად გაფორმება. ეს არის ჩვენი პოზიცია და ბუნებრივია, ამ პოზიციას და პრინციპულობას „ლელო“ ყოველთვის დაიცავს იმისთვის, რომ დავაბრუნოთ ის ხმები, რომელიც ჩვენ მოგვპარეს. ხვალ იქნება ყველა ოპოზიციური პარტიის შეთანხმება და ხელის მოწერის ცერემონია, რომელსაც ჩვენ შევუერთდებით და იურიდიულად ამას ჩვენი იურიდიული სამსახურები გააფორმებენ შესაბამისად“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ხვალ, 11 დეკემბერს, საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება. 8 ოპოზიციური პარტია, რომელმაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო შედეგების მიხედვით, ჯამში 60 მანდატი მოიპოვა აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და მეათე მოწვევის პარლამენტი არალეგიტიმურია.