მეათე მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია მუშაობას შეუდგეს, თუ მას ახალარჩეული პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა ესწრება.
პირველ სხდომაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია პარლამენტს არჩევნების შედეგებს გააცნობს და პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისთვის საჭირო დოკუმენტაციას პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას გადასცემს.
პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას დეპუტატთა სრული შემადგენლობის ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან იძენს, რის შემდეგაც პარლამენტის წევრები ქვეყნისადმი ერთგულების ფიცს დებენ. ფიცის ტექსტს ცესკო-ს თავმჯდომარე წაიკითხავს. დეპუტატების მიერ ფიცის დადების შემდეგ სახელმწიფო ჰიმნი შესრულდება.
მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე დეპუტატები, პარლამენტის თავმჯდომარეს, მის მოადგილეებს და კომიტეტის თავმჯდომარეებს აირჩევენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცემული შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, მეათე მოწვევის პარლამენტში ცხრა პოლიტიკური პარტია შევიდა. პარლამენტში 90 დეპუტატი „ქართულ ოცნებას“ ეყოლება, ხოლო 60 მანდატი ოპოზიციურ პარტიებს შორის ასე გადანაწილდა: „ევროპული საქართველო“ – 5, „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ – 36, „პატრიოტთა ალიანსი“ – 4; „ლეიბორისტული პარტია“ – 1; „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი“ – 2; „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 4; „გირჩი“ – 4; „ლელო“ – 4.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, რის გამო ისინი პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ და ხელახალი არჩევნები ჩატარებას ითხოვენ.