weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ვწუხვართ, რომ პარლამენტის პირველ შეკრებამდე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა – ელჩები

16:25 პარასკევი, 11 დეკემბერი 2020
ფოტოზე - ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები, კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი ფოტოზე - ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები, კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა წუხილს გამოთქვამენ იმის გამო, რომ ოპოზიციურ პარტიებსა და „ქართულ ოცნებას“ შეთანხმების მიღწევა ახალარჩეული პარლამენტის პირველ შეკრებამდე ვერ მოხერხდა.

მოლაპარაკებების ფასილიტატორი ელჩების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში საქართველოს პოლიტიკური ლიდერები ინტენსიურ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილეობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი საკითხები კვლავ გადაუჭრელი რჩება, მხარეებმა უკვე მოახერხეს ფართო საარჩევნო რეფორმებზე ურთიერთგაგების მიღწევა, რაც მათი მიღების შემდგომ, არსებითად გააუმჯობესებს  საქართველოს მომავალ არჩევნებს. ჩვენ ვაფასებთ ყველა პარტიის ლიდერის კონსტრუქციულ მონაწილეობასა და ამ დროისთვის არსებულ მიღწევებს ამ რთულ მოლაპარაკებებში.

დიალოგი მოიცავდა რთულ და მნიშვნელოვან საკითხებს. ამ საკითხებს მხარეები მიუდგნენ ქვეყნის დემოკრატიული მომავლის წინაშე პასუხისმგებლობით. ასეთი ტიპის ღია და პატივისცემაზე დამყარებული დებატები უაღრესად მნიშვნელოვანია, მაშინ, როდესაც საქართველო მიიწევს წინ უფრო პლურალისტური პოლიტიკური ლანდშაფტისკენ, რომელშიც უფრო მრავალფეროვანი შეხედულებები და ინტერესებია წარმოდგენილი. ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, გვჯერა, რომ მხარეები შეძლებენ მკვეთრად განსხვავებული პოზიციების შეჯერებას.

ჩვენი, როგორც ფასილიტატორების როლი, უმთავრესად, პარტიებისთვის ნეიტრალური ფორუმის უზრუნველყოფას გულისხმობდა, რათა მათ ემსჯელათ განსხვავებულ პოზიციებსა და მათი გადაჭრის გზებზე საქართველოს დემოკრატიული დღის წესრიგის გასამყარებლად.

ჩვენ ვწუხვართ, რომ ვერ მოხერხდა ფართო შეთანხმების მიღწევა ახლადარჩეული პარლამენტის პირველ შეკრებამდე, მიუხედავად პარტიების ლიდერების ძალისხმევისა.

ახლა, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, საგულდაგულოდ განიხილონ შესაძლებლობები შეთანხმების მისაღწევად, რომელიც საშუალებას მისცემს პარლამენტს, შეასრულოს თავისი სრულყოფილი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი საქართველოს დემოკრატიის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების დასაცავად და გასაძლიერებლად. პარტიების თხოვნის საფუძველზე და შეთანხმების მიღწევის ჭეშმარიტი პოლიტიკური სურვილის არსებობის შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ ძალისხმევის მხარდაჭერა“.

დღეს, 11 დეკემბერს, მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა, რომელსაც მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები ესწრებოდნენ. ოპოზიციის 60-ვე წევრი სხდომაზე არ გამოცხადდა. მათმა ნაწილმა ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას, რომლითაც საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ და ითხოვენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მათ მიერ წარდგენილი პარტიული სიების გაუქმებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]