weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ნაციონალებმა“ დროზე შემოიტანონ უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განცხადება – კობახიძე

17:49 პარასკევი, 11 დეკემბერი 2020

„ქართული ოცნების“ ლიდერი ირაკლი კობახიძე ოპოზიციური პარტიების იმ წევრებს, რომლებიც საპარლამენტო მანდატებზე უარს აცხადებენ, მოუწოდებს, ამის თაობაზე პარლამენტისთვს მიმართვა არ „გაახანგრძლივონ“.

„როდესაც შემოვა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, კონკრეტული დეპუტატების მხრიდან განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, ეს განცხადებები, რა თქმა უნდა, დაკმაყოფილდება. ასევე, მოვუწოდებთ მათ, ნუ გაახანგრძლივებენ უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განცხადების შემოტანას, დროზე შემოიტანონ ეს განცხადება „ნაციონალებმა“ საქართველოს პარლამენტში. ნუ თამაშობენ. ამიტომ გვინდა, რომ რაც შეიძლება სწრაფად შემოიტანონ განცხადებები, რომ რაც შეიძლება მალე დაიმთავროს თავი „ნაცმოძრაობამ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

მან იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებების შემდეგ, პარლამენტში წარმოდგენილი იქნება ყველა „ჯანსაღი პოლიტიკური პარტია“.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დღეს, მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლითაც ადასტურებენ, რომ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ და საარჩევნო სიების გაუქმებას ითხოვენ. ხელის მოწერის ღონისძიებაში მონაწილეობა არ მიუღიათ „გირჩს“, „მოქალაქეებსა“ და ასევე, „რესპუბლიკურ პარტიას“, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ ბლოკშია გაერთიანებული. ეს პარტიები აცხადებენ, რომ მანდატების გაუქმების შესახებ პარლამენტს „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ მიმართავენ. 

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომაზე, რომელსაც მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრები ესწრებოდნენ, 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილება ცნეს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცემული შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, მეათე მოწვევის პარლამენტში ცხრა პოლიტიკური პარტია შევიდა: 90 მანდატი „ქართულ ოცნებას“ აქვს, ხოლო დანარჩენი 60 ოპოზიციურ პარტიებს შორის ასე გადანაწილდა: „ევროპული საქართველო“ – 5, „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ – 36, „პატრიოტთა ალიანსი“ – 4; „ლეიბორისტული პარტია“ – 1; „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი“ – 2; „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 4; „გირჩი“ – 4; „ლელო“ – 4.

ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და მეათე მოწვევის პარლამენტი არ ასახავს ამომრჩეველთა ნებას. ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]